„ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო ევროკომისიისგან იმ წერილის მიღება, რაც შეეხება ყულევის ამოღებას სანქციების პაკეტიდან. ჩვენ ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, ვიმუშავეთ ევროკომისიასთან. ერთი, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ამ საკითხის ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყოფნას და არანაირი მტკიცებულების არარსებობის და ვერ წარმოდგენის შემთხვევაში, ბუნებრივია ვერ იქნებოდა გამართლებული მე-20 პაკეტში ყულევის ჩადება“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის მიერ საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეტანის საკითხს.
„ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა ინტენსიური კომუნიკაცია ევროკომისიასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ გავიგეთ ამ პროექტზე, ასე ვთქვათ, ყულევის საკითხის არსებობის შესახებ, მოვითხოვეთ წარმოედგინათ ევროპულ მხარეს რა იყო საფუძველი ასეთი ნაბიჯის და რა თქმა უნდა, ასეთი საფუძვლები ვერ იყო წარმოდგენილი. სამაგიეროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ, ევროკომისიის მხარეს ვაჩვენეთ ის, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო, თუ რას აკეთებს საქართველო იმისათვის, რომ არ იყოს საქართველოს ტერიტორია გამოყენებული რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად. ამაში არის საქართველო ნამდვილად მოწინავე, არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა საწინააღმდეგოს და სწორედ ეს არის რეალურად საფუძველი იმისა, რომ ევროკომისიამ უკან წაიღო ის შემოთავაზება, რაც შეეხებოდა ყულევის ნავსადგურის ჩადებას სასანქციო პაკეტში და ამის დასტურია კიდევ ერთხელ ბატონი სალივანის წერილი.“ – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„არანაირი დამატებითი ვალდებულება არ არსებობს, მიესალმებიან იმას, რაც არსებობდა ამდენი ხნის განმავლობაში, რასაც საქართველო პირნათლად ასრულებს და ერთადერთი რაც იყო ევროკომისიასთან კომუნიკაციის შინაარსი, გახლდათ ის, რომ ჩვენ გვაინტერესებდა თუ რა იყო საფუძველები. ასეთი საფუძველები ვერ იქნა წარმოდგენილი, არანაირი საფუძველი ევროკომისიას, არავის ვინც ლობირებდა, ასე ვთქვათ, ყულევის ამ სასანქციო პაკეტში ჩადებას არ ჰქონდა. შესაბამისად, ეს საკითხი ვერ იქნა წინ წაწეული და ბუნებრივია, რომ ის ამოღებული იქნა პაკეტიდან.“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
