საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების მიმდინარე დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ემი დიაზის დანიშვნის შემდეგ გამართულ პირველ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს.
მისი შეფასებით, ბოლო თვეებში ურთიერთობების გაჯანსაღების მიმართულებით პოზიტიური ნიშნები გამოიკვეთა, რასაც თან ახლავს ვაშინგტონის მხრიდან განხორციელებული აქტივობები, რომლებიც ქართულ მხარეს საკუთარი პოზიციების წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.
„ბოლო თვეებში, რა თქმა უნდა, პოზიტიური ნიშნები არის ჩვენი ურთიერთობების გაჯანსაღების მიმართულებით, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ჩვენი პოზიცია, თუ რას მოველით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობა იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული, ჯანსაღი და სტრატეგიული პარტნიორობა იყოს შინაარსით დატვირთული და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას ამერიკულ მხარესთან.“
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ორივე მხარე თანხმდება, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ეტაპი „სუფთა ფურცლიდან“ უნდა დაიწყოს.
„შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხარე ვიზიარებთ იმას, რომ სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. ასევე, მიგვაჩნია და ამასაც ვიზიარებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარესთან, რომ კონკრეტული შინაარსით უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა დატვირთული, როგორ და რა იქნება ასე ვთქვათ შინაარსი, რა თქმა უნდა, ეს დიპლომატიური მუშაობის და პოლიტიკური დიალოგის საგანია ამერიკულ მხარესთან.“
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან არსებობს სრული მზადყოფნა, გაგრძელდეს პოლიტიკური დიალოგი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და თბილისი ანალოგიურ მზაობას ამერიკული მხარისგანაც მოელის.
