LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა

430
მაკა ბოჭორიშვილი

„ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ არის მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის და, რა თქმა უნდა, დიპლომატიური ძალისხმევის, რასაც ახორციელებს საგარეო სამსახური, სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე,“ – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ნაურუს მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა იყო, ხოლო საქართველოს დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად ეს გადაწყვეტილება გაუქმდა.

ნაურუს რესპუბლიკამ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.

„როდესაც ნაურუს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, ეს იყო საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით სხვადასხვა პარტნიორებთან იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება უკან ყოფილიყო წაღებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო პერიოდში განხორციელებული მუშაობა, რისი შედეგიც არის ნაურუს მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ,“ – აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ქართული დიპლომატიის ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველა დიპლომატს, ვინც არ იშურებს ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის საერთაშორისო ასპარეზზე და ვუსურვო წარმატება ჩვენს ქვეყანას სწორედ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში გადადგმულ ნაბიჯებში. ეს არის რთული პროცესი. ახლოვდება 2008 წლის ომის წლისთავი. ამ ომის შედეგი იყო სწორედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და სამწუხაროდ, ის საერთაშორისო შედეგები, რაც მოჰყვა ამ აღიარებას საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მხრიდან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკანონოდ იქნა მიღებული, უკან იყოს წაღებული, და ასევე გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას,“ – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელმა ორგანომ, ნაურუს კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები