მაკა შალიკაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი რისკიანობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ლექსების მხატვრული კითხვაც სწორედ რისკს უკავშირდებოდა.
– რისკიანი ადამიანი თუ ხარ და რამდენად ხშირად ხვდები საჭირო დროს საჭირო ადგილას?
– საჭირო დროს, საჭირო ადგილას ბევრჯერ მოვხვედრილვარ და მოვუხვედრებივარ ადამიანებს. რისკიანი კი არ ვიცი, რამდენად ვარ. რაც არ არის ჩემი საქმე, არასოდეს გავრისკავ და არასოდეს ვაკეთებ. თუმცა, შეიძლება, რისკად ჩაითვალოს ის, რომ, როცა ჩემმა მეგობარმა, გიორგი გასვიანმა დამირეკა და მითხრა: გადაცემას ვაკეთებთ, მოდი და სტუდიაში ლექსები წაიკითხეო. გავრისკე, წავედი და არასოდეს ვინანებ. გამიგია: აუ, ეს კიდევ ლექსებს კითხულობს? რას შეგვჭამა თავისი ლექსებით? კაი, რა ტვინი ნუ გაბურღე ამ შენი ლექსებით… შეიძლება, ერთს ან ორს ყელში ამოვუვედი და ტვინი გავუბურღე, მაგრამ არსებობს უამრავი ადამიანი, ვისაც ჩემი ლექსები სიამოვნებს. უფრო სწორად, სიამოვნებს იმის მოსმენა, რაც ჩემს წაკითხულ ლექსებშია. არცერთი მათგანი, რომელიც დღის სინათლეზე გამოვიტანე და წავიკითხე, არ იყო იმისთვის გამიზნული, რომ პოპულარული ვყოფილიყავი. მე იმიტომ არ ვკითხულობ, რომ პოპულარული გავხდე. მე რომ მატკინეს, მიღალატეს, პროტესტი რომ მაქვს, უკმარი რომ ვარ ბევრი რამის, თუნდაც პროფესიაში, რომ ბევრი პრობლემაა ჩემთან და ჩემ გარშემო, ყველა ჩემი ლექსი ამას ემსახურება და მანიფესტია. ყველა ჩემი ლექსის უკან ჩემი ცხოვრებაა. ამიტომ, გახდა ჩემი წაკითხულო ლექსები ბევრისთვის ყურადსაღები, მოსაწონი და მისაღები. ადამიანები ამ ლექსებს იწერენ და მერე უსმენენ მანქანაში, სახლში… ჩემი წაკითხული ლექსების უკან ცხოვრება დგას, თავისი დეპრესიით, წარმატებით, განცდით, წარუმატებლობით. ჩემი უიმედობიდან გამოსვლა ჩემი ლექსის თქმაა. იმ დროს და იმ მომენტში ვპოულობ ლექსს, რომელიც უნდა ვთქვა და რომ არ ვთქვა, შეიძლება, გული გამისკდეს. ამიტომ, ყველა ლექსი, რომელიც ვთქვი, იმიტომ ვთქვი, რომ გული არ გამხეთქვოდა. ეს ლექსები გულიდან სისხლის წვეთებია, როგორც ტერენტი გრანელი ამბობდა და ჩემი ცხოვრებაა, რომელიც არ არის ია-ვარდით მოფენილი, როგორც ბევრისთვის.