მალაგამ(ესპანეთი) დაიწყო კამპანია სახელწოდებით „გააუმჯობესე შენი ყოფნა ქალაქში“, რომლის ფარგლებში ტურისტებისთვის ქცევის წესები გამოსცა. კამპანია მიმართულია იმაზე, რომ ქალაქში არა მხოლოდ დამსვენებლების, არამედ ადგილობრივების ინტერესებიც გაითვალისწინონ, წერს international investment-ი.
ქალაქის ბევრი მცხოვრები დიდი ხანია ჩივის მთვრალ ტურისტებზე, ხმაურზე და ყვირილზე, გზებზე დატოვებულ ნაგავზე.
ახალი ქცევის წესების სია მოიცავს ოთხ ნაწილს: სისუფთავე, ხმაური, ტანსაცმელი და სკუტერებისა და ველოსიპედების სწორი გამოყენება.
დამსვენებლებმა ნაგავი უნდა მოათავსონ ურნებსა და კონტეინერებში და არა — სადაც მოუნდებათ. მათ ასევე პატივი უნდა სცენ მალაგას კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას, ქალაქის ბაღებსა და ქუჩის ინფრასტრუქტურას — არ დააზიანონ და არ დაანაგვიანონ ისინი.
წესების ნაწილი სახელწოდებით „არ იყო შესამჩნევი“ ტურისტებს მოუწოდებს არ იყვირონ, არ ჩართონ ხმამაღალი მუსიკა და პატივი სცენ ადგილობრივების დასვენების საათებს.
განყოფილება „სრულიად ჩაიცვით“ ამბობს, რომ საზოგადოებრივ ადგილებში საცურაო კოსტიუმები დაუშვებელია.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ აკრძალა სკუტერებისა და ველოსიპედების გადაადგილება ფეხით მოსიარულეთა ბილიკებზე.
ეს წესები განთავსებულია ავტობუსებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, სარეკლამო ბანერებზე და სოციალურ ქსელებში.
მალაგის მერიაში ამბობენ, რომ არ სურთ ტურიზმის შეზღუდვა, თუმცა უკვე დროა წახალისდეს პატივისცემით ქცევა, რაც ქალაქს კომფორტულს გახდის როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის.
გასულ წელს ქალაქმა დააწესა 750 ევროს ჯარიმა სასმელ შადრევნებში ფეხებისა და ცხოველების დაბანისთვის.
მსგავსი ქცევის წესები უკვე შემოიღო ესპანეთის ბევრმა ქალაქმა, მათ შორის ბარსელონამ, ალიკანტემ და სევილიამ.