LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრო ავტომობილებმა ბენზინის მანქანებს აჯობეს – ევროპაში ისტორიული ცვლილება დაფიქსირდა

141
ქირიას NEWS შაბლონი

სრულად ელექტრო ავტომობილებმა გაყიდვებით პირველად გაუსწრეს ბენზინზე მომუშავე მანქანებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.

ევროკავშირში მსგავსი რამ პირველად დაფიქსირდა და ავტოინდუსტრიის გარდამტეხ ეტაპად მიიჩნევა. მთლიანობაში, ევროპაში ავტომობილების გაყიდვები ზედიზედ მეექვსე თვეა წლიურ ჭრილში იზრდება. 2025 წლის შედეგებით, რეგისტრაციების რაოდენობამ ბოლო ხუთი წლის მაქსიმუმს მიაღწია, თუმცა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებს.

ამ ფონზე, ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla ბაზარზე პოზიციების კარგვას აგრძელებს. კომპანიის რეგისტრაციები დეკემბერში 20.2%-ით შემცირდა. მის ადგილს აქტიურად იკავებენ კონკურენტები – ჩინური BYD და გერმანული Volkswagen. BYD-ის რეგისტრაციები შთამბეჭდავი 229.7%-ით გაიზარდა, ხოლო Volkswagen-ის – 10.2%-ით. ასევე ზრდა დააფიქსირა Stellantis-მა (4.5%), მაშინ როცა Renault-ის მაჩვენებელი 2.2%-ით შემცირდა.

ევროკავშირში დეკემბერში ავტომობილების საერთო გაყიდვები 5.8%-ით გაიზარდა და თითქმის ერთ მილიონ ერთეულს მიაღწია. წლიური მაჩვენებელი კი 1.8%-ით გაიზარდა და 10.8 მილიონი ავტომობილი შეადგინა.

ევროპის ავტოინდუსტრიის ასოციაციის – ACEA მონაცემებით, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოსა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნებში გაყიდვები დეკემბერში 7.6%-ით გაიზარდა და 1.2 მილიონ ავტომობილს მიაღწია. 2025 წლის ჯამურმა მაჩვენებელმა კი 13.3 მილიონი შეადგინა, რაც 2.4%-იანი ზრდაა.

დეკემბერში ელექტრომობილების რეგისტრაციები 51%-ით გაიზარდა, ჰიბრიდების – 36.7%-ით, ხოლო ჰიბრიდული ელექტრომობილების – 5.8%-ით. ჯამში, ეს კატეგორიები მთლიანი რეგისტრაციების 67%-ს შეადგენდა, მაშინ როცა 2024 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 57.8% იყო.

ევროპის ავტო სექტორი კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშეა – მათ შორისაა ჩინეთიდან მზარდი კონკურენცია, აშშ-ის იმპორტის ტარიფები და შიდა რეგულაციებთან შესაბამისობის სირთულეები. დეკემბერში ევროკავშირმა წარადგინა გეგმა, რომელიც 2035 წლიდან შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვის გადახედვას გულისხმობს, რაც პრობლემების წინაშე მყოფი მწარმოებლების მოთხოვნებს ითვალისწინებს.

ამასთან, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა 3 მილიარდ ევროს გამოყოფს ელექტრომობილების სუბსიდირებისთვის. პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ყველა კომპანიისთვის, მათ შორის ჩინური მწარმოებლებისთვისაც, რაც ბაზარზე მოთხოვნის სტიმულირებას ისახავს მიზნად.

magti 5g