LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს დაზიანება მიადგა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პირმა, რომელსაც ნატა ვიბლიანი სისტემატურ გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ის ცხენზე გამოაბა და ათრია“ – ნატა ვიბლიანს გამომძიებელმა პოლონეთში ჩააკითხა, რას ჰყვება ნატა ვიბლიანის ადვოკატი „რადიო თავისუფლებასთან“

735
ნატა ვიბლიანი, მარიამ ბარსონიძე

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ემიგრაციაში მყოფ 43 წლის ნატა ვიბლიანის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მთავარი გამომძიებელი პოლონეთში ჩავიდა.

საგამოძიებო მოქმედებები ვარშავაში ორი დღე გაგრძელდა.

ნატა ვიბლიანის ადვოკატი, მარიამ ბარსონიძე „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ ნატა ვიბლიანთან შესახვედრად ჩასულმა გამომძიებელმა გამოკითხვის გარდა აღწერა დაზიანებები, რომელიც ქალს ბავშვობაში სავარაუდო მოძალადემ მიაყენა:

„გამოძიებამ აიღო ნატა ვიბლიანის ნერწყვის ნიმუში. ასევე აღიწერა იარა, რომელიც ქალს აქვს იღლიის ქვედა ნაწილში. ეს დაზიანება მიადგა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პირმა, რომელსაც ნატა ვიბლიანი სისტემატურ გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ის ცხენზე გამოაბა და ათრია. ამის კვალი დაზარალებულს დღემდე ემჩნევა“, – ეუბნება „რადიო თავისუფლებას“ ნატა ვიბლიანის ადვოკატი და აზუსტებს, რომ პოლონეთში ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია.

„რადო თავისუფლების“ ცნობით, ივლისის ბოლოს, ემიგრანტი ქალი, დისტანციურად, უცხოეთიდან საქართველოში, 4 დღის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას საგამოძიებო უწყებას. ადვოკატი გამოკითხვის ხანგრძლივობას უპრეცედენტოს უწოდებს.

„ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ძალიან ბევრი დეტალი და ეპიზოდი იყო დაზუსტებული. ნატა ვიბლიანმა დაწვრილებით ისაუბრა მის მიმართ, არასრულწლოვნობის ასაკში, სექსუალურ ძალადობაზე 4 პირის მხრიდან. მან დეტალურად გაიხსენა ასევე არასრულწლოვნობის ასაკში, მისი ორსულობა და მშობიარობა, კლინიკაში გადაყვანა, აღწერა მშობიარობის შემდეგ მომხდარის დეტალები. მან ცოცხალი ბავშვი გააჩინა. ნატა ვიბლიანმა გამოძიების წინაშე დააყენა საკითხი, მოიძიონ მისი შვილის ადგილსამყოფელიც, ცოცხალია, გაშვილებულია, სად არის“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიამ ბარსონიძე.

ცნობისთვის, ნატა ვიბლიანის საჯარო ბრალდებების შემდეგ, გაუპატიურების მუხლით, გამოძიება პოლიციამ 35 წლის შემდეგ, 2026 წლის 13 ივნისს დაიწყო. 43 წლის ქალი, სოციალურ ქსელში ჰყვებოდა, რომ 1990-იან წლებში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

ფოტო სლაიდზე: „რადიო თავისუფლება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები