ნატა ვიბლიანის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებმა გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზე დაიწყეს. ვიდეომიმართვაში ნატა ვიბლიანი აცხადებდა, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი.
მან ჩხვიმიანების ოჯახი პედოფილიაში, გაუპატიურებაში, ძალადობასა და მუქარაში დაადანაშაულა. მის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
YouTube-არხი „სანდო წყარო“ რეპორტაჟში, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს შეეხება, ბაჩუკი ჩხვიმიანი, რომელსაც ნატა ვიბლიანი ყველაზე მძიმე ბრალდებებს უყენებს, საკუთარ პოზიციას პირველად ჰყვება.
ჩხვიმიანი არასრულწლოვან ნატა ვიბლიანთან ურთიერთობას „სანდო წყაროსთან“ ადასტურებს, თუმცა ძალადობას უარყოფს:
„ნუ ეს იყო 16 წლიდან და ჩვენი ურთიერთობა მოხდა, 17-ში იყო, 17 წლის“, – ამბობს ბაჩუკი ჩხვიმიანი.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, „ნატა იყო 17 წლის?“, – ჩხვიმიანმა უპასუხა:
„[ნატა]17 წელში იყო, მე ვიქნებოდი ალბათ 33 წლის…“, – ამბობს ბაჩუკი ჩხვიმიანი.
კითხვაზე, ვინმეს არ ჰქონდა წინააღმდეგობა იმის გამო, რომ თქვენ ასეთი დიდი იყავით და ის ჯერ არასრულწლოვანი, ჩხვიმიანმა უპასუხა – „არა“.
კითხვაზე ურთიერთობას ჩვენებაშიც ადასტურებთ, ჩხვიმიანმა უპასუხა:
„ურთიერთობა კი გვქონდა ახლა, მისვლა-მოსვლა, რაღაცა, კი, როგორ არა…“ – უპასუხა ჩხვიმიანმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სექსუალური კავშირი და ამბობს თუ არა ამას ჩვენებაშიც, ჩხვიმიანმა უპასუხა:
„კი, ახლაც ვამბობ მაგას, რომ მთაში მოხდა ეს ჩვენი ურთიერთობა…“ – ამბობს ჩხვიმიანი.
კითხვაზე ეს იყო ნაძალადევი ურთიერთობა თუ არა, მან უპასუხა:
„არა, არა, არა, ერთხელ მქონდა მე, სანამ ორსულად იყო, ორსულობის მერე რავიცი კი…“ – ამბობს ჩხვიმიანი.
ამავე რეპორტაჟში ნატა ვიბლიანი ამბობს:
„ჩვენ ბაბუას წისქვილთან სადაც არის, იმ მდინარის პირას მოხდა ეს შემთხვევა, ეს იყო მესამე შემთხვევა. ძალიან ბევრი ეპიზოდია 7 წლის განმავლობაში სისტემატიური ძალადობა ჰქონდა, ერთხელ და ორჯერ კი არა… ძროხის მოსაწველად მისული, ბაჩუკი ჩხვიმიანი იქ მოვიდა, მისი საქმე გააკეთა, მე იქ უგონოდ დამაგდო… აი მოსულზე მერე მეჩხუბა დედაჩემი, ჩუსტით გამლახა, რომ სად იყავი ამდენი ხანიო. ძმამ დაინახა, რომ გამაუპატიურა ბაჩუკი ჩხვიმიანმა…“ – ამბობს ნატა ვიბლიანი.
ცნობისთვის, ვიბლიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
პროკურატურამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად აგვისტოში ცნო.
