ნატა ვიბლიანის ადვოკატი მარიამ ბარსონაძე „ფორმულას“ ეთერში საქმის მიმდინარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ძალიან მალე ელოდებიან რომ ბრალდებების წარდგენა მოხდება.
„გარდა იმის, რომ ტრავმაა სერიოზული და ფსიქოლოგიური ასპექტის გათვალისწინება არ უნდა შეგვეშალოს არავის ამ კუთხითაც, განსაკუთრებით. ნატას აქვს ძალიან დიდი მიზეზი, თუ რატომ დაიწყო წარსულში მომხდარზე ახლა საუბარი.
ნატა ვიბლიანის თქმით, სანამ ჩემი შვილი არ დაოჯახდა, მანამდე თავს ვიკავებდი ლაპარაკისგანო, რადგან ყველა მხრიდან ვგრძნობდი საფრთხესო. როცა დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი საიმედო ხელშია, მას შემდეგ ავლაპარაკდიო. სწორედ ამიტომ დაიწყო ნატა ვიბლიანმა 35 წლის შემდეგ საუბარი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტკივილი განელებულია. ძალიან ძლიერი ქალბატონია ნატა და არ უნდა გაიკიცხოს, თუ რატომ ახლა და არა მაშინ“, – აცხადებს ადვოკატი მარიამ ბარსონაძე.
„ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად სცნო დაზარალებულად“ – ტარიელ კაკაბაძე
ცნობისათვის, დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეომიმართვები, რომლებშიც მოქალაქე ნატა ვიბლიანი მასზე სისტემატურად განხორციელებულ ძალადობაზე ჰყვება – ნატა ვიბლიანის განცხადებით, 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
აღნიშნულის შესახებ ნატა ვიბლიანმა თავდაპირველად ისაუბრა ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“.
აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა.
23 ივლისს ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, „მარიამ კუბლაშვილი ე.წ. ნატა ვიბლიანის საქმეზე მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დაიცავს“, მოგვიანებით კი ადვოკატმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა მან მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესების დაცვა.
