LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი დღეც არ დამიმალავს…“ – რას ამბობს ნატა ვიბლიანი 50 000 ევროს ჩანაწერთან დაკავშირებით და რას პასუხობს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი

6616
მარიამ კუბლაშვილი

დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეომიმართვები, რომლებშიც მოქალაქე ნატა ვიბლიანი მასზე სისტემატურად განხორციელებულ ძალადობაზე ჰყვება – ნატა ვიბლიანის განცხადებით, 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

„ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე“ – რას ამბობს ადვოკატი

აღნიშნულის შესახებ ნატა ვიბლიანმა თავდაპირველად ისაუბრა ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“.

აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა.

23 ივლისს ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, „მარიამ კუბლაშვილი ე.წ. ნატა ვიბლიანის საქმეზე მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დაიცავს“, მოგვიანებით კი ადვოკატმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა მან მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესების დაცვა.

„საზოგადოებისათვის საქმის სრული სურათი ჯერ ცნობილი არ არის“ – მარიამ კუბლაშვილის პირველი საჯარო განცხადება გახმაურებულ საქმეზე

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისის მიერ გავრცელებულ თავდაპირველ განცხადებაში ვკითხულობთ:

„ჯიმშერ ვიბლიანის მიმართ არ გაჟღერებულა გაუპატიურების ბრალდება – ნატა ვიბლიანი მას მოგვიანებით ძალადობის ცალკეულ ეპიზოდში მოიხსენიებს.

დაცვის პოზიციით, აღნიშნულ საჯარო ბრალდებებს წინ უძღოდა ნატა ვიბლიანის მხრიდან ჯიმშერ ვიბლიანის ოჯახისგან 50 000 ევროს მოთხოვნა. ჩვენს ხელთ არსებობს ჩანაწერი, რომელშიც, დაცვის შეფასებით, ფიქსირდება მოთხოვნა: თანხის გადახდის შემთხვევაში – დუმილი, ხოლო უარის შემთხვევაში – ჯიმშერ ვიბლიანის საჯაროდ დასახელებისა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მუქარა.

ჯიმშერ ვიბლიანის ოჯახმა 2026 წლის ივნისის დასაწყისშივე დაუყოვნებლივ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს ცილისწამების, მუქარისა და სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე და მოითხოვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა თავად ნატა ვიბლიანი პოდკასტის „ვეძებ“ ახალ ეპიზოდში, რომელსაც ის საკუთარ უფლებადამცველთან, ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან ერთად სტუმრობდა.

წამყვანის შეკითხვა:

„მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ ის იცავს ჯიმშერ ვიბლიანს, რომლის ოჯახისგანაც შენ ითხოვდი 50 000 ევროს“.

ნატა ვიბლიანი:

„თამუნა, ეს პირველივე დღეს გავაჟღერე თქვენთან. სვანეთში თუ ვინმე არის შემდგარი ადამიანი, ვაჟკაცი, ყველამ იცის, რომ ამ ფულთან დაკავშირებით ყველას ვუთხარი, ყველამ მომიწონა საქციელი და მითხრეს, რომ სწორად ვიქცევი. მაგრამ, ვოისები ხომ აქვთ, რა განხრითაც მაქვს გაკეთებული, ის გამოიტანონ, რეალობაში რომელი ვოისიც მივწერე მანანა ხარძიანს, ის ვოისი არ არის გამოტანილი… ერთი დღეც არ დამიმალავს [ფულზე], ჩემს არაერთ ვიდეოში დევს, ბატონმა ტარიელმაც [ადვოკატმა] უკვე იცის, რასთან დაკავშირებით მოვიკითხე, ამას საჯაროს არ გავხდი, მაგრამ აუცილებლად მივაღწევ იმ მიზანსაც, რომ რისთვისაც მინდა ის თანხა, თქვენ თვალწინ გადავცე და ერთი ადამიანის ცხოვრება შევცვალო“, – განაცხადა ნატა ვიბლიანმა.

პოდკასტის ეთერში გასვლის შემდეგ, ნატა ვიბლიანის აღნიშნულ განცხადებას, მარიამ კუბლაშვილი „ფეისბუკში“ მორიგი განცხადებით გამოეხმაურა:

„ვუყურე თამუნა მუსერიძის საავტორო პოდკასტს. მინდა წარმატება ვუსურვო თამუნას, ხოლო ჩემს ძვირფას კოლეგას და უნიჭიერეს ადვოკატს, ტარიელ კაკაბაძეს, მადლობა გადავუხადო საინტერესო და პროფესიული დისკუსიისთვის, ასევე თამუნას – საინტერესო კითხვებისთვის.

უპასუხოდ ვერ დავტოვებ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რომელზეც გადაცემაში რესპონდენტმა ისაუბრა.

მტკნარი სიცრუეა, თითქოს ჯიმშერ ვიბლიანისთვის 50 000 ევროს მოთხოვნის შესახებ ნატა ვიბლიანი თავიდანვე და ყველგან საუბრობდა.

სინამდვილეში, აღნიშნული ჩანაწერის არსებობიდან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მას ამ საკითხზე საჯაროდ სიტყვაც არ დაუძრავს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ჯიმშერ ვიბლიანის ოჯახმა 2026 წლის 13 ივნისს პოლიციას მიმართა სათანადო სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნით, დაიწყო ამ თემაზე საუბარი და განაცხადა, თითქოს აღნიშნული თანხა არა საკუთარი თავისთვის, არამედ საქველმოქმედო მიზნებისთვის იყო განკუთვნილი“, – წერს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.

ადვოკატი: ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოკითხულია 30-ზე მეტი პირი, ჩატარებულია ჩხრეკები – უახლოეს პერიოდში იგეგმება მისი ოფიციალურად დაზარალებულად ცნობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები