პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, კახეთში ჩატარებული კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი მნიშვნელოვანი პროექტები ითვალისწინებს კულტურული და ისტორიული ძეგლების აღდგენა-განახლებას, საპარკო და სხვა რეკრეაციული ინფრასტრუქტურის და ფუნქციურად დატვირთული ობიექტების მოწყობას. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი საჯარო სივრცეები, რომლის ნაკლებობაც არის კახეთში, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახალი პროექტების განხორციელება საშუალებას მოგვცემს, განახლებული, ფუნქციებით გაზრდილი და ახალი შესაძლებლობებით სავსე კახეთი ვიხილოთ.
ქარსელაძის თქმით, პროექტების განხორციელება, პირველ რიგში, ახალ შესაძლებლობას მისცემს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ პროცესში და მათთვის შემოსავლის ახალი წყაროები გაჩნდეს.
„რეალურად ჩვენ უკვე ნამდვილად განახლებული, ფუნქციებით გაზრდილი და ახალი შესაძლებლობებით სავსე კახეთი უნდა ვიხილოთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალი პროგრამის შედეგად განხორციელებული, განვითარებული და განახლებული არეალები ნამდვილად გამოიწვევს იმ დიდ მუხტს, რომელიც უკვე არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ პირველ რიგში სოციალურ-ეკონომიკური, ზოგადი ვითარების გაჯანსაღების, განახლების და ახალი შესაძლებლობების შეძენისთვის იქნება მიმართული“,-განაცხადა მინისტრმა.
ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოში ტენდერები გუშინ გამოცხადდა და ზაფხულიდან, გეგმის მიხედვით, აქტიური სამუშაოები დაიწყება.