საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მალე ეყოლება 21-ე საუკუნის პოლიცია, „რომლითაც ყველანი ვიამაყებთ“. გიორგი კვირიკაშვილმა ამის შესახებ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კვირიკაშვილმა შსს-ში ერთობლივი ოპერაციების მაღალტექნოლოგიური ცენტრის შექმნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა :
„ასეთი ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს და ეს არის დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომა. მე მჯერა, რომ ასეთი რეფორმების განხორციელების შედეგად ჩვენ ძალიან მალე გვეყოლება ჭეშმარიტად 21-ე საუკუნის პოლიცია, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი საქმიანობის მთავარი შემფასებელი ხალხია და არანაირი წოდება და პრივილეგია არ არის ხალხის ნდობასა და სიყვარულზე მეტი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პროფესიონალიზმით და ხალხის ერთგული სამსახურით თქვენს წვლილს შეიტანთ თანამედროვე ქართული ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში.“
დღეს პოლიციელის დღე აღინიშნება, საზეიმო ღონისძიებები შსს-ს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება.