“მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მალე მოვა ის დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები ფრაქციებსაც შექმნიან საქართველოს პარლამენტში.” – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი მიზანია ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეძლონ, ცვლილებებით გათვალისწინებული საპარლამენტო ინსტრუმენტები გამოიყენონ.
ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ დღეს, ბიუროს სხდომაზე, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვამდე განაცხადა:
“რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია და არგუმენტაცია. იმ ფონზე, როდესაც მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი ერთვება საპარლამენტო პროცესში, მათ მაქსიმალურად მიეცეთ საშუალება, რომ გამოიყენონ ის საპარლამენტო ინსტრუმენტები, რომლებიც რეგლამენტით აქვს მიცემული ოპოზიციურ ფრაქციებს. თუმცა, მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მალე მოვა ის დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები ფრაქციებსაც შექმნიან საქართველოს პარლამენტში.” – თქვა თალაკვაძემ.
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღეს იწყება.
ცვლილებების მიხედვით, უფრაქციო დეპუტატებს საპარლამენტო გამოსვლებისას ექნებათ იმდენივე დრო, რამდენიც ფრაქციისთვის არის განსაზღვრული.
დეპუტატებს ასევე უფლება ექნებათ ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერები და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები წარადგინონ.