დეკორატიული კოსმეტიკა წლებია, გაცდა მხოლოდ სილამაზის მსახურებას, დღეს ის თვითგამოხატვის და ინდივიდუალურობის წარმოჩენის საშუალებაა. თანამედროვე მსოფლიოში დეკორატიული კოსმეტიკა მილიონობით მომხმარებლის ყოველდღიურ რუტინად იქცა, ხოლო ხარისხიან, მრავალფეროვან და ხელმისაწვდომ პროდუქციაზე მოთხოვნა რეკორდულ ნიშნულს აღწევს. სასიხარულოა, რომ ამ უზარმაზარ ინდუსტრიაში ქართველი მოთამაშეებიც გაჩნდნენ, რომლებსაც მომხმარებლის სურვილები და საჭიროებები კარგად ესმით.
ნუკი კოშკელიშვილი, პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდის „Nuki Cosmetics“ დამფუძნებელი:
– იმის მიუხედავად, რომ „Nuki Cosmetics“ დეკორატიულ კოსმეტიკას ქმნის, ჩვენი მთავარი მიზანი არის მოტივაცია და არა გალამაზება. ჩვენ ვეუბნებით არას სტანდარტებს! მომხმარებლებს, განსაკუთრებით კი ჩვენს ახალგაზრდა მომხმარებლებს მოვუწოდებთ, ნაკლი კი არ დაფარონ, არამედ ხაზი გაუსვან საკუთარ განსაკუთრებულ სილამაზეს. გვინდა, რომ ჩვენი კოსმეტიკა ასოცირდებოდეს ბუნებრივ სილამაზესთან და ქალებთან, რომლებიც თავდაჯერებულები არიან. ჩვენს მომხმარებლებს უნდა სჯეროდეთ, რომ ყველაფერი გამოუვათ და უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. ჩვენ ვქმნით ისეთ პროდუქციას, რომელმაც უნდა წაგახალისოს, შეფუთვის და სურნელის დონეზეც კი. ბევრი პროფესიონალი გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი პროდუქტები იყოს შეგრძნებებიც და არა მხოლოდ გარკვეული დანიშნულების კოსმეტიკური საშუალებები.
დასაწყისში ეს ბრენდი არ შემიქმნია, როგორც ბიზნესი. პანდემიის დროს, უბრალოდ, ისეთი ტონალობის, ტექსტურისა და მდგრადობის წითელი ტუჩსაცხი მომინდა მქონოდა, რომელიც არსად იშოვებოდა და ამიტომ ის თავად შევქმენი. მან ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ჯერ სხვა ფერის წარმოებაც მთხოვეს, შემდეგ სხვა ტიპის პროდუქტებისაც და ამასობაში დღევანდელ დღემდეც მოვედით. ვცდილობ, ბაზარს თავის და კანის მოვლის ინოვაციური საშუალებები შევთავაზო. ამის დასტურია, მაგალითად, ჩვენი ახალი პროდუქტი, რომელიც სულ რამდენიმე დღეში იხილავს დღის სინათლეს. ეს არის ფხვიერი ჰაილაითერი (სახისა და სხეულისთვის), რომელიც კანის გაოფლიანების შემდეგ სუნამოდ გადაიქცევა. ეს ჰაილაითერი კანს არ ხდის წებოვანს, არ ჭრელდება.
– მომხმარებლის კარნახითაც თუ ქმნით ახალ პროდუქტებს?
– გარდა იმისა, რომ წინასწარ ვფლობთ ინფორმაციას ტოპ ბრენდების სამომავლო ტენდენციებთან დაკავშირებით (ამ ინფორმაციას ვყიდულობთ კიდეც), მომხმარებელთან გვაქვს 24 საათიანი ურთიერთობა და მაქსიმალურად ვცდილობთ მათი სურვილების გათვალისწინებას. მაგალითად, ერთხელ მომხმარებელმა შემოგვჩივლა, რომ ერთი კონკრეტული ბრენდის სუნამოს, რომელიც ძალიან მოსწონდა, ფასის გამო ვერ ყიდულობდა. მის გასახარებლად ჩვენ ამ სუნამოს ზუსტი ასლი შევქმენით, რის გამოც, ცხადია, პრობლემებიც შეგვექმნა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, მომხმარებლის არცერთი სურვილი არ გამოგვრჩეს. ყველა სიახლე, რომელსაც ბაზარს ვთავაზობთ, მომხმარებლისა და ჩვენი გუნდის თანამონაწილეობით იქმნება.
გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ისიც, რომ ჩვენი პროდუქცია ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ზოგჯერ, როცა მომხმარებლები ჩვენი პროდუქციის შემადგენლობას ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამოწმებენ და ის მათ უდასტურებს, რომ მაღალი ხარისხის კოსმეტიკასთან აქვთ საქმე, გაკვირვებას ვერ მალავენ ხოლმე ფასის გამო. მაგალითად, ჩვენი სუნამო, რომელიც არის მდგრადი, განსხვავებული სუნის მქონე და რაც მთავარია, არის ქართული, 79 ლარი ღირს. პრინციპი მაქვს, რომ არ გავაკეთო ფული ქართველებზე. როგორც ბრენდი გავიზრდები და შემოსავალსაც გავზრდი აშშ-ში.
– სად მზადდება „Nuki Cosmetics“-ის პროდუქცია?
– ხარისხზე, ჩვენ გარდა, პასუხს აგებენ ის მსოფლიო ორგანიზაციებიც, რომლებმაც ლიცენზიები მოგვანიჭეს. ეს ჩემთვის იმხელა შველაა… მაგალითად, თუ ვიღაცას რომელიმე ჩვენს პროდუქტზე ალერგიული რეაქცია განუვითარდება, იმ ადამიანს შეუძლია პირდაპირ ევროკავშირის და ამერიკის ჯანდაცვის უწყებებს მიაკითხოს და უჩივლოს ჩვენთვის ლიცენზიის მონიჭების თაობაზე.
სახის მოვლის საშუალებებს მთლიანად სამხრეთ კორეაში ვაწარმოებთ, რადგან ეს ქვეყანა დღესდღეობით მსოფლიოში ლიდერია აღნიშნულ ინდუსტრიაში. სამაგიეროდ, ტუჩსაცხებს ვამზადებთ იტალიაში, სუნამოებს – საფრანგეთში, ფანქრებს – ესპანეთში, ლაინერებს – გერმანიაში (თუმცა ამ უკანასკნელი პროდუქტით არ ვარ კმაყოფილი და ამიტომ დიდად არ ვუწევ რეკომენდაციას), ვიტამინებს – შვეიცარიაში.
– რომელია ის პროდუქტი, რომელიც მომხმარებლისთვის მხოლოდ „Nuki Cosmetics“-თან ასოცირდება?
– ალბათ, ის წითელი ტუჩსაცხი, რომლითაც დავიწყეთ და ტუჩის დამატენიანებელი „ქენდი“, რომელიც განსაკუთრებული მოწონებით აშშ-ში სარგებლობს. ვიტამინებზეც იმხელა მოთხოვნაა, რომ წარმოებას ვერ ვასწრებთ.
– ამჟამად სად არის შესაძლებელი „Nuki Cosmetics“-ის პროდუქციის შეძენა?
– თბილისში ჩვენი სტენდი წარმოდგენილია სითი მოლში, ისთ ფოინთში, სითი მოლი გლდანში და თბილისი მოლში, ასევე, ვართ თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. საქართველოში სულ 10 ფილიალი გვაქვს. აშშ-ში ჩვენი პროდუქცია იყიდება ონლაინ, როგორც ჩვენს ვებგვერდზე, ასევე ამაზონზე. ახალ წლამდე ნიუ-იორკში ფიზიკური მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ.