მალიბუ ტუღუში უკვე წლებია, აშშ-ში ემიგრაციაში ცხოვრობს. ახლახან საქართველოში მცირე ხნით ჩამოვიდა. სამშობლოში დაბრუნებამ უდიდესი ემოციები აღუძრა, რომელსაც fortuna.ge-ს უზიარებს.
მალიბუ, ამერიკიდან საქართველოში ჩამოსვლამ როგორი ემოციები აღგიძრა, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დღეებში, რამ გამოიწვია ყველაზე დიდი ემოცია?
საქართველოში რომ მოვდიოდი, წინასწარ ვიცოდი, რომ მხოლოდ ოჯახთან ერთად გავატარებდი დროს და არაფერს სხვას არ გავაკეთებდი. ბევრი გადაცემიდან მწერდნენ, მაგრამ ყველას უარს ვეუბნებოდი. არსად გავდიოდი, სულ ვიყავი ოჯახთან. ჩამოვედი თუ არა, ორ დღეში სოფელში გავემგზავრეთ ბებოსთან, სამი კვირიდან ათი დღე ბებოსთან ვიყავი.
ძალიან მეშინოდა იმ ემოციების, რაც სამი წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამიჩნდებოდა და ვფიქრობდი, ხომ არ გამიჭირდებოდა კვლავ ამერიკაში დაბრუნება. ვინც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს იქით, გამიგებს. ხარ მონატრებული სითბოს, სიყვარულს, იმ ურთიერთობებს, რაც ჩვენ ვიცით და უცებ ერთიანად იღებ ამხელა სიყვარულს, სითბოს, ყურადღებას და მერე გიწევს, მოშორდე ამ ყველაფერს. ძალიან მეშინოდა. არ დამავიწყდება ის წუთები, როცა აეროპორტში ქართული საუბარი გავიგე. მეგობართან ერთად ვიყავი და ვკითხე, გჯერა, რომ ქართულად ლაპარაკობენ და საქართველოში ვართ-მეთქი? სამი წლის მერე დედიკოს დანახვა საოცარი იყო, მასთან ჩახუტება. როცა გაიღო კარი და დედაჩემი დავინახე ატირებული, დამავიწყდა ის სამი წელი, რომელიც მისგან შორს გავატარე და ნანახი არ მყავდა…
ბებიასთან შეხვედრაზე გვიამბე, როგორი იყო მისი ნახვა დიდხნიანი განშორების შემდეგ?
მე და ბებოს მართლა განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. მჯერა, რომ ყველა ბებიას და შვილიშვილს ძალიან უყვართ ერთმანეთი, მაგრამ თითქოს მე და ჩემს მერიკო ბებოს სხვა კავშირი გვაქვს. განსაკუთრებულად მიყვარს. როცა ჩამოვედი, ვერ ვითმენდი, დედიკოს ვუთხარი, რომ მისი ნახვა ძალიან მალე მინდოდა. ისეთ ასაკშია, რომ მინდა, დავტკბე მასთან ყოფნის ყველა წუთით და დრო არ დავკარგო. იყო ბევრი ცრემლი, ტირილი, ბედნიერება… ძალიან კარგი იყო. მთელი 10 დღე, რაც იქ ვიყავი, სამზარეულოში ბუხართან გავატარეთ, ვილაპარაკეთ ბევრი, ვიხსენებდით ამბებს, ვამზადებდით გემრიელ საჭმელებს და ვმღეროდით. ეს იყო ყველაზე ტკბილი 10 დღე ჩემს ცხოვრებაში. ბებოსთან მთელი ოჯახი წავედით, არა მხოლოდ მე და დედა, არამედ დეიდა, დეიდაშვილები. ბებო იყო ბედნიერი, მე კი – უბედნიერესი.
ემიგრაციაში ცხოვრება არ არის ადვილი – შენ რა გზა გაიარე, სანამ გარკვეულ ადგილს იპოვიდი აშშ-ში?
ემიგრაციაში ცხოვრება ნამდვილად არ არის ადვილი. ამერიკა ძალიან დიდი ქვეყანაა, რამდენადაც დიდი შესაძლებლობებია ამ ქვეყანაში, იმდენად რთულია იქ ცხოვრება. მტკიცე და ძლიერი ხასიათი უნდა გქონდეს, რომ ამერიკამ არ დაგანაკუწოს და პატარა ადამიანად არ გაქციოს. ამერიკაში რომ ჩამოვედი, პირველი ორი წელი მუსიკასთან შეხება ფიზიკურად არ მქონდა, ვისაც ვთხოვდი, რომ დამხმარებოდნენ, ქართველებს ვგულისხმობ, არავისთან დამაკავშირეს. ჩემი მეორე სამსახური არის ბარმენობა, ასევე უკვე ვარ რექორდინგ არტისტი, ანუ ვთანამშრომლობ პროდიუსერთან და ვწერ სიმღერებს. აღარ ვარ გაჩერებული, როგორც ვიყავი აქამდე. თუმცა ამ წერტილამდე მოსვლა დიდ მოთმინებად და რთულ დღეებად დამიჯდა. მოვედი აქ და სხვანაირად ვუყურებ ემიგრაციაში ცხოვრებას. ყველაფერი გააზრებული მაქვს, როცა მივაღწევ იმას, რისთვისაც აქ ჩამოვედი, ხშირად ვიქნები საქართველოშიც და ამერიკაშიც. ვინც სამშობლოდან შორს ცხოვრობს, ვეტყვი, რომ დროს მისცენ დრო, იმედი არ დაკარგონ, როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ძლიერები უნდა იყვნენ. საკუთარი თავის გარდა არავინ გვყავს. ისევ ჩვენ უნდა დავეხმაროთ საკუთარ თავს. თუ საქართველოში ჩემი ხალხი მიცნობს, როგორც მომღერალ მალიბუს, ამერიკაში მიცნობენ, როგორც ბარმენს და როგორც მომღერალ გოგოს (იღიმის). ბარმენი რომ არ ვიქნები მთელი ცხოვრება, ეს ხომ ვიცით, მაგრამ ახლა ასეა საჭირო. ჩემთვის არის მთავარი ის, რომ მყავს პროდიუსერი, ვთანამშრომლობ მასთან, არ ვჩერდები, უკვე სამი სიმღერა დამიგროვდა, რომელიც გამოსაშვებია და ახლა დავიწყებთ მუშაობას, რომ ეს სიმღერები ნელ-ნელა გამოვუშვა.
არ მიყვარს განვლილ რთულ გზებზე საუბარი, ყველა ადამიანს უწევს ასეთი გზის გავლა ზოგადად. მარტივად რომ ვთქვა, ყველას არ უმართლებს. მიყვარს საუბარი იმაზე, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად აქვს შედეგი, შეიძლება მალე, გვიან ან ნელ-ნელა. ყველაფერს სჭირდება თანხები, მაგრამ ვახერხებ, რომ პროდიუსერთან ერთად სტუდიაში ვიმუშაო. მაქვს ჩემი შემოსავალი არა მხოლოდ ბარმენობიდან, არამედ მომღერლობიდანაც, ვმღერი დახურულ ივენთებზე. რაც მაქვს შემოსავალი, მის ნახევარს ვუთმობ ჩემს მუსიკალურ კარიერას. ამერიკელმა არტისტებმა იციან ხოლმე თქმა, ვინც სხვა პროფესიითაც მუშაობს, ფულს ვაკეთებ იმიტომ, რომ ჩემს კარიერაში დავაბანდოო. ვინც ჩვენით ვაკეთებთ ყველაფერს, ეს ჩვენთვის ყველაზე კარგი რამაა, რაშიც ფულს დავაბანდებთ. არც არავინ მეხმარება ფინანსურად, ჩემით ვაკეთებ ყველაფერს. ორი ცხოვრებითაც არ ვცხოვრობ, ბარმენი რომ ვარ, იქაც იციან, რომ მომღერალი ვარ. ყველამ იცის, რა არის რეალურად ჩემი პროფესია.
მალიბუ, წლების წინ განსხვავებული იმიჯი გქონდა, როცა ქართულ დიდ სცენაზე გამოჩნდი, ამერიკაში გამგზავრების შემდეგ კი, ზედმეტ წონასაც დაემშვიდობე და განსხვავებული იმიჯი მოირგე. ადვილი იყო ეს გზა?
რაც შეეხება იმიჯს, არ მიყვარს ეს კითხვა. ყველა ადამიანს აქვს გარკვეული ეტაპები. როცა განსხვავებული იმიჯი მქონდა საქართველოში, სხვადასხვა ფერის თმით დავდიოდი, თინეიჯერი გოგონა ვიყავი, ხან ეს მომწონდა, ხან ის და რატომაც არა. როცა ადამიანები ვიზრდებით, სხვა რაღაცები მოგვწონს… გავიზარდე. აღარ მომწონს იასამნისფერი თმით სიარული. ამ ასაკში ხომ არ წარმოგიდგენიათ, რომ იასამნისფერი თმით ვიარო, თინეიჯერი ხომ აღარ ვარ. ამერიკაში რომ ჩამოვედი, მივხვდი, რომ ამ ქვეყანამ შემცვალა. ძალიან ბევრი რამ გადავაფასე, რაც ვიზუალურადაც აისახა, არა მხოლოდ შინაგანად. მართლა თავისით მოხდა ეს ყველაფერი. ფიზიკურ მხარეს რაც შეეხება, იმიჯის ცვლილება თავისთავად მოხდა. ის მომწონს, როგორც ახლა გამოვიყურები.
რა არის შენი მთავარი ამერიკული და ქართული ოცნება?
ყველას გვქონია დიდი ოცნებები, მაგრამ დიდად არ ვისულელებ თავს ოცნებებით. ვცდილობ, კონკრეტული მიზნები დავისახო, რაც დიდ მიზნამდე მიმიყვანს. ამაზე საუბარი ახლა არ მინდა. ჩემს მეგობრებთანაც კი არ ვსაუბრობ, საჯაროდ მით უმეტეს. რა თქმა უნდა, არსებობს ის დიდი მიზანი, რისთვისაც ყველაფერს ვაკეთებ…
მალიბუ ტუღუშის სიმღერები სიყვარულზე ხომ არ ეძღვნება კონკრეტულ ადამიანს?
მომღერალს ყოველთვის ჰყავს მუზა, არ არის აუცილებელი, ის იყოს კონკრეტული ადამიანი. მაგალითად, ჩემი ალბომი, რომელიც გამოიცემა, შეიძლება, სამ ადამიანს მოიცავდეს, როგორც მუზას. ხელოვანი სხვანაირად ვერ შექმნის, მას აუცილებლად სჭირდება მუზა, თუმცა ის მე არ მყოლია ორი წლის განმავლობაში. რა მუზა უნდა მყოლოდა, როცა სხვა ქვეყანაში ჩამოვედი და ნულიდან დავიწყე ცხოვრება. გადარჩენაზე ვფიქრობდი და არა მუზაზე. ყველა სიმღერას, რა თქმა უნდა, ჰყავს კონკრეტული მუზა. ეგრეა!.. (იღიმის).