მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მალვინა ჯავახაძემ „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში ისაუბრა ბავშვებს შორის გავრცელებული ვირუსების შესახებ და მშობლები დაამშვიდა:
„პანდემიის მერე თუ რაიმე გაგვაკვირვებდა, არ გვეგონა, მაგრამ ბავშვებს შორის ავადობამ მოიმატა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალმა ვირუსებმა დაიწყო ცირკულირება ან ახალი საშიში გამომწვევებია. ეს ის გამომწვევებია, რომლებიც იყო, არის და გარკვეული პერიოდი, სავარაუდოდ, მაინც იქნება. განსხვავებაა პერიოდულობასა და ეპიდსიტუაციაში. პანდემიამდე წლის განმავლობაში რამდენიმე ინფექცია ბავშვებს ხვდებოდათ, ამ ინფექციებს გადაიტანდნენ უმეტესობა ოჯახში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პანდემიის პერიოდში დაბადებულ ბავშვებს განსაკუთრებით, ან პანდემიისას ნიღბის და დისტანციის გამო ავადობის შემცირების გამო, მოუწიათ უკვე ახლა რამდენიმე ინფექციის თანმიმდევრულად გადატანა. ეს არის მშობლების გაღიზიანების მიზეზი. ახლაც მინდა მოვუწოდო და დავამშვიდო მშობლები, რომ ეს არ არის არანაირი საგანგაშო მდგომარეობა. გავაფრთხილოთ, რომ მათი შვილები მოავადეები არიან ან დაბალი იმუნიტეტი აქვთ. ეს არის ჩვეულებრივი ინფექციები, რომლებიც ბავშვებმა უნდა გადაიტანონ. ეს არის ის ინფექციები, რომლებიც გადატანის შემდგომ ტოვებს ბუნებრივ იმუნიტეტს, ამიტომ ეს არის ბუნებრივი აცრა. რა თქმა უნდა, გადაიტანს და ეს საგანგაშო არ არის, უბრალოდ, უნდა მოხდეს ექიმის მიერ მართვა. თვითმკურნალობა პრაქტიკულად, მიუღებელია…“