LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამა ბასილმა მითხრა, მოუსმინე ამ სიმღერას და თუ მოგეწონება იმღერეო… ძალიან გამიმართლა, რომ შემოქმედებასთან ახლოს მყოფი სულიერი მამა შემხვდა“ – თამუნა მიქელაძე პრემიერით „არ დაიდარდოში“

22
მიქელაძე

8 აგვისტოს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ თამუნა მიქელაძე სტუმრობდა, რომელმაც თავის ნამუშევრებზე და მუსიკალურ კარიერაზე ისაუბრა და მსმენელს სიმღერის ცოცხალი შესრულებაც შესთავაზა. გადაცემაში სიმღერის „გაყოფილი გზები“ პრემიერა შედგა.

თამუნა, გაიხსენე შენი პირველი ნაბიჯები მუსიკალური მიმართულებით,

ჩემი პირველი ნაბიჯები სტუდია „ლახტში“ იყო, რობერტ ბარძიმაშვილი იყო ბათუმში ჩამოსული და ბავშვებს ეძებდა. ჩემს დასთან ერთად ჩემი მიყვანაც გადაწყვიტეს ამ სტუდიაში და მადლობა ღმერთს, რომ ბატონ რობერტს ჩემი ხმა მოეწონა. მადლობელი ვარ ჩემი დის, რადგან მისმა ვიოლინოს რეპეტიციებმა შემაყვარა მუსიკა და სიმღერა. ოჯახში სულ მუსიკის ხმა მესმოდა, რადგან ჩემი უფროსი ძმა პიანინოზე უკრავს, მამაჩემი გიტარაზე. მამაჩემი ჯარში მსახურობდა და იქ დავყავდით და გვამღერებდა ხოლმე, თვითონ კი გიტარაზე უკრავდა. ასე დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები. მინდა, ჩემს პირველ პედაგოგს, გიული კუბლაშვილსაც მოვეფერო და მადლობა გადავუხადო.

როგორია სიმღერის „ვერ შეგელევი“ შექმნის ისტორია?

ტექსტიც და მუსიკაც გიორგი წერეთელს ეკუთვნის. სიმღერას ძალიან დიდი, კარგთან ერთად ცოტა ცუდი ისტორია აქვს. იმ პერიოდში გიორგისთან ვმუშაობდი და მახსოვს მითხრა, მაგარი სიმღერა დაგიწერეო, რამაც ძალიან გამახარა. რამდენიმე დღეში ჩასაწერად წავედით. ბოლო მისამღერში მაღალი ნოტებია, რომელთა აღებაც ხმის ფორმაში ყოფნას საჭიროებს. არ ვწუწუნებ, მაგრამ ხანდახან არ ვართ ხოლმე მომღერლები ფორმაში და ვერ ვწერდი ამ ბოლო მისამღერს (იცინის). გიორგი შემოვარდა სტუდიაში, რას ჰქვია ვერ წერ, აიღებ ამ ნოტსო, მითხრა. სტიმული მომცა თუ რა იყო არ ვიცი, მაგრამ ჩავწერე. ეს სიმღერა სადღაც 6 წლის წინ ჩაიწერა.

ვისაუბროთ სიმღერაზე „სუფთა ღიმილი“.

სიმღერა შოთიკო მაისურაძეს ეკუთვნის, არანჟირება ცირა ბზიშვილს. დაახლოებით 4-5 წლის წინ დაიწერა ეს სიმღერა. დიდი მადლობა შოთიკოს და ცირას ამ სიმღერისთვის. როცა შოთიკომ ეს სიმღერა გადმომიგზავნა, მახსოვს, ვკითხე, ტექსტის შეცვლა თუ შეიძლებოდა. ვუთხარი, სუფთა ღიმილი რას ნიშნავს, შევცვალოთ მეთქი და არა, რას ამბობ, დავტოვოთო, ასე მიპასუხა. ახლა უკვე გავიაზრე და ვიცი, რასაც ნიშნავს სუფთა ღიმილი. ეს სიმღერა ჩემი სტილის და ხასიათისაა.

მონაწილეობას იღებდი ერთ-ერთ რუსულ პროექტში და მინდა, რომ ამ თემაზეც ვისაუბროთ.

მონაწილეობა მივიღე სატელევიზიო პროექტში „Народный артист“. 25 000 მონაწილიდან 2075-ე ვიყავი სიით და სამი დღე გაგრძელდა შესარჩევი. მოვხვდი ჯერ ასეულში, მერე 60 და მერე 30 მონაწილეში, მაგრამ ბოლოს დამიწუნეს. სულ 15 ადამიანი უნდა აერჩიათ. ერთ-ერთმა ჟიურის წევრმა მითხრა, სიტყვების დავიწყება არაპროფესიონალურიაო, მაგრამ კი არ დამავიწყდა, დავიბენი, რადგან ისე გადაანაწილეს ტექსტები, რომ მე რაც უნდა მემღერა, ის სხვას შეხვდა. არ გავჩერდი და იმპროვიზაციით გავაგრძელე სიმღერა, მაგრამ ეს იმპროვიზაცია არ ჩამითვალეს. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და არ ვისვენებდი, სულ გასტროლები და თავის რეალიზება მინდოდა. მადლობელი ვარ ჩემი ბავშვობის, იმ პერიოდში სცენის დიდი გამოცდილება მივიღე. ბათუმში, „ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში“ ყველა სპექტაკლში ჩართული ვიყავი. არ მინდა, ბევრი ვისაუბრო და ტრაბახი გამომივიდეს, მაგრამ ეს ჩემი წარსულია, ჩემი ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა. რევოლუციის შემდეგ მინდოდა, რომ ჩემი სოლო კარიერა გამეგრძელებინა და მადლობა ღმერთს, რომ „ნუცას სკოლით“ გავაგრძელე. ამის შემდეგ იყო „იურმალა“, სადაც როგორც გამარჯვებული მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ ამ თემას არ შევეხები, რადგან ძალიან მტკივნეულია და არ მინდა გახსენება. ძალიან დიდი მადლობა ნუცა ჯანელიძეს, რომ იმ პერიოდში გვერდში დამიდგა. 16 წლის ვიყავი, როცა კაზინოში დავიწყე სიმღერა, რომ რამე კონკურსზე გავსულიყავი. ვხვდებოდი, რომ ნელ-ნელა მაინც დამიფასდებოდა შრომა.

დღეს სიმღერის „გაყოფილი გზები“ პრემიერა გვაქვს. ვის ეკუთვნის ეს ნამუშევარი?

ტექსტი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის, მუსიკა დეკანოზ ბასილ ახვლედიანს, არანჟირება ცირა ბზიშვილს. მამა ბასილმა მითხრა, მოუსმინე ამ სიმღერას და თუ მოგეწონება იმღერეო. ძალიან გამიმართლა, რომ შემოქმედებასთან ახლოს მყოფი სულიერი მამა შემხვდა. ამ სიმღერას პანდემიის პერიოდში მოვუსმინე, მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ჩაკეტილი იყო. მინდა გულწრფელი ვიყო და გითხრათ, რომ როდესაც მოვისმინე, ისე გამიხარდა, რომ კორპუსის კიბეებზე გიჟივით დავრბოდი.

 

თამუნა მიქელაძე – გაყოფილი გზები

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

თამუნა მიქელაძე – ვერ შეგელევი. Live

 

თამუნა მიქელაძე – ამ გულში დაგმალე. Live

 

თამუნა მიქელაძე. “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები