LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამაჩემის შპს ფლობს ბეტონის ქარხანას, რომელიც ბეტონს აწვდის შესყიდვის მსურველებს, მათ შორის სახელმწიფოს“ – რას პასუხობს ვახუშტი მენაბდე ანა წითლიძეს

417
ვახუშტი მენაბდე

მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი, ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის მიერ, ასევე სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსს, რომელშიც წითლიძე წერს: „ჩვენ რომ რუს ქოცებს ვებრძოდით, გვცემდნენ, გვასისხლიანებდნენ, ვახუშტი მენაბდის ოჯახი, სატენდერო ხელშეკრულებებს აფორმებდა ქოცებთან“.

ვახუშტი მენაბდის განცხადებით, მისი ოჯახის წევრების კომპანია სახელმწიფო ტენდერებში ნამდვილად მონაწილეობს, თუმცა ამ თემის ახლა გააქტიურება მხოლოდ მისი საქმიანობის წინააღმდეგაა მიმართული.

„ომში ვართ ავტორიტარულ რეჟიმთან, ყოველდღიურად და ყოველწუთიერად. ჩვენი მოძრაობა, სოციალური დემოკრატიისთვის წინააღმდეგობის ერთ-ერთი მძლავრი შენაკადია. ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა, ამ ომში ან საკუთარი დღის წესრიგი მოახვიოს სხვებს თავს ან წინააღმდეგობის ველი მოისუფთაოს და ასე იქცეს რეჟიმის ერთადერთ ალტერნატივად. რადგან პირველი ვერ შეძლეს, სხვების გაშავებაზე გადავიდნენ, მაგრამ აქაც არაფერი გამოუვათ. ცუდი ის არის, რომ ისინი წინააღმდეგობის საბოტაჟით არიან დაკავებულები.

არ მეგონა სრულწლოვან ასაკში მამაჩემის საქმიანობაზე თუ უნდა ჩამებარებინა ანგარიში, მაგრამ, რაკი ამის საჭიროება გაჩნდა, გეტყვით, რაც ვიცი. ბოდიში, რომ გამოხმაურება დამაგვიანდა. მხოლოდ ზოგადად ინფორმაციას ვფლობდი ტენდერების შესახებ – ისიც იმიტომ, რომ როცა რამდენიმე თვის წინ მითხრეს, „მამაშენის ტენდერებს კუდს აბამენო”, ამის მერე წავედი და ვკითხე მამაჩემს რა ხდებოდა. დღეს დილით დავაზუსტე დანარჩენი. ამან დრო წაიღო.

მამაჩემის შპს ფლობს ბეტონის ქარხანას, რომელიც ბეტონს აწვდის შესყიდვის მსურველებს, მათ შორის სახელმწიფოს. ამისთვის მონაწილეობს ტენდერებში, ნაწილს იგებს, ნაწილს აგებს. ეს ტენდერები არის ბეტონის მიწოდება სოფლებში გზის მშენებლობისთვის. ამაში რა არის საეჭვო, არ ვიცი (რამე თანამდებობა მიკავია და ვეხმარები ტენდერში გამარჯვებაში?), მაგრამ თუ ვინმეს რამე ეჭვი აქვს, ჯობია, ჯერ გამოიკვლიოს. თუმცა გასაგებია, რომ საკითხის გარკვევა არაა იმათი მიზანი, ვინც ბრალდებას მიყენებს.

ეს ხალხი ამ ამბის შესახებ ინფორმაციას სულ ცოტა რამდენიმე თვეა ფლობს. ახლა რომ წამოწიეს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ერთიანად გადაწყვიტეს ჩვენს მოძრაობაზე შეტევა: გუშინწინ გოტაზე და საზმაუს მარშზე, გუშინ ლუკაზე და ახლა ჩემზეც. მე მზად ვარ, ჩემი საქმიანობის შესახებ ყველა კითხვას ვუპასუხო. რაც შეეხება მამაჩემს და ჩემს ძმას, დღეს დილით ველაპარაკე და მათაც ყველა კითხვაზე აქვთ პასუხი.

რაც რეჟიმთან წინააღმდეგობაში ვარ ჩართული, ერთი მხრივ ქოცები სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ჩემზე საერთაშორისო დაფინანსების შესახებ ნეგატიური პროპაგანდა ააგორონ. ხან რა მოიგონეს ხან რა. და პარალელურად, მთელი ეს დრო, ნაცები ტენდერების თემას ამზადებდნენ. რახან ორივე მხრიდან გვიტევენ, ე.ი. სწორ გზაზე ვდგავართ“, – წერს ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში.

ომში ვართ ავტორიტარულ რეჟიმთან, ყოველდღიურად და ყოველწუთიერად. ჩვენი მოძრაობა, სოციალური დემოკრატიისთვის წინააღმდეგობის…

Posted by Vakhushti Menabde on ოთხშაბათი, 13 აგვისტო, 2025

ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვახუშტი მენაბდის ოჯახი გურიაში სატენდერო ხელშეკრულებებს აფორმებდა „ქართულ ოცნებასთან“ და ტენდერების შესახებ დოკუმენტი გაასაჯაროვა.

UPDATE : გაინტერესებთ, რამდენს იხდიან მიშას პლაკატის დახევაში და ნაცების დემონიზების მცდელობაში? იხილეთ 👇 მოკლედ აქ…

Posted by Ana Tsitlidze on სამშაბათი, 12 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g