ბრიტანელმა ჯონ სილკმა მთელი ცხოვრება შვილს მიუძღვნა. წარმატებულმა ბიზნესმენმა ყველაფერი მიატოვა იმისთვის, რომ გოგონასთვის მსოფლიო ეჩვენებინა.
ჯონის ქალიშვილს, ვიკის, დაუნის სინდრომი და ფილტვის ჰიპერტენზია აქვს – მძიმე დაავადება, რომელიც ნაადრევა იწვევს სიკვდილს. ექიმები ამტკიცებდნენ, რომ გოგონა 15 წლამდე ვერ მიაღწევდა, თუმაც ვიკიმ, ჯერ-ჯერობით, ექიმების პროგნოზი არ გაამართლა.
ჯონი 13 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ძალიან წარმატებულ ბიზნესს, საბოლოოდ კი გადაწყვიტა, ყველაფერი ვიკის ბედნიერებისთვის დაეთმო. მან საკუთარი წილები გაყიდა და სკოლის ავტობუსის მძღოლად დაიწყო მუშაობა, ნახევარ განაკვეთზე. მისი შემოსავალი 90%-ით შემცირდა. ახლა ჯონი საკუთარ შვილთან ერთად მოკრძალებულად ცხოვრობს, თუმცა შეუძლია, ვიკისთან ერთად დიდი დრო გაატაროს.
მამამ შეძლო შვილისთვის მსოფლიო ეჩვენებინა, ამაში ჯონს საქველმოქმედო ორგანიზაცია Dreams Come True დაეხმარა. ორგანიზაცია გარდაცვალების წინ ბავშვებს ოცნებების ასრულებაში ეხმარება. ვიკის ძალიან უყვარს მოგზაურობა და მან მამასთან ერთად უკვე 15 ქვეყანა ნახა. მამა-შვილმა მოინახულა დისნეილენდი ფლორიდაში, ნიაგარის ჩანჩქერი, ტაილანდი, ბარბადოსი და მსოფლიოს სხვა ლამაზი ადგილები. ცოტა ხნის წინ ვიკიმ ვერტმფრენით გადაუფრინა ჰავაიზე მდებარე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანს.
„მე მხოლოდ ღიმილი მინდა მის სახეზე. ყველა ცენტს, რომელსაც გამოვიმუშავებ, მოგზაურობისთვის ვხარჯავ ვიკისთან ერთად. როგორც კი ერთი ადგილიდან ვბრუნდებით, მაშინვე სხვა მოგზაურობის გეგმას ვაწყობთ,“ – განაცხადა ჯონმა.
გოგონას მამა მიმართავს ყველა მშობელს, გაატარონ რაც შეიძლება მეტი დრო შვილებთან, რადგან ეს დრო შეუფასებელია.