ახალგაზრდული ეკონომიკა იქნება ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტი,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში, ახალგაზრდა სტარტაპერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ბახტაძის თქმით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი რესურსი, რომ დამკვიდრდეს მსოფლიო რუკაზე როგორც ტექნოლოგიური ქვეყანა და ქვეყანა, რომელიც ინოვაციებს ახალისებს.
გვქონდა შეხვედრა ჩვენ სტარტაპერებთან და ინოვატორებთან. მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდული ეკონომიკა იქნება ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტი. მოვისმინე არაერთი ინიციატივა. მეც გავაცანი ის ხედვები, რაც მაქვს, რომ ეს სექტორი საქართველოში გავხადოთ ძალიან წარმატებული.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი გვაქვს საქართველოში, რომ დავმკვიდრდეთ მსოფლიო რუკაზე როგორც ტექნოლოგიური ქვეყანა და ქვეყანა, რომელიც ახალისებს ინოვაციებს, ქვეყანა სადაც ახალგაზრდები და მოსახლეობა ინოვაციებშია ჩართული.
ჩვენ გვაქვს სურვილი და გვექნება შესაბამისი საგადასახადო რეფორმა, რომლის მიხედვითაც, იმედი გვაქვს საქართველოში მოვიზიდავთ მსოფლიოში წამყვან გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებს, მათი წარმომადგენლობითი ოფისები განთავსდეს საქართველოში, რაც დამატებით სტიმულს მისცემს სტარტაპ სულისკვეთების წახალისებას საქართველოში“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.