საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიეტუვას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი დახვდა.
21 იანვარს მამუკა ბახტაძეს ლიეტუველი კოლეგა საულიუს სკვერნელისი უმასპინძლებს. გაიმართება მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერმინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერმინისტრის შეხვედრა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ასევე ესტუმრება ვილნიუსის უნივერსიტეტს, სადაც ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებს შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია იმყოფებიან.