სასამართლომ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო, მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, მამუკა ხაზარაძეს აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია თავად მამუკა ხაზარაძე და არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა 50 000-ლარიანი გირაო, რომელიც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.