„ერთ-ერთი მთავარი ლეგიტიმაცია გვაქვს იმაზე, ამ არჩევების შედეგებიდან გამომდინარე, რომ, დიახ, ამ ქვეყანაში კაცს ერქმევა კაცი და ქალს ერქმევა ქალი და ეს ვერ გახდება სასაცილო ამბავი ვერასდროს,ეს ვერ გახდება ასაგდები ამბავი“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებში ამერიკელებმა, ლეგიტიმაცია სწორედ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მიდგომას მისცა.
„სამწუხაროდ, მართლაც, 10-15 წლის წინ ამაზე რომ გველაპარაკა, შეიძლება ვიღაცას დაეცინა, რა დროს ეს არისო, მაგრამ, სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახდა და საბედნიეროდ, აშშ-ში ჩვენს შემდგომ ჩატარებულმა არჩევნებმა უზრუნველყო ის, რომ იქაც დღეს ასე საუბრობენ და იქაც ლეგიტიმაცია ამ მიდგომას მისცა ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებამ“,- განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, 5-6 წლის წინ იმასაც სასაცილოდ გახდიდნენ, რომ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე იქნებოდა საქართველო ეკონომიკური ზრდის პარამეტრით, მაგრამ დღეს ამაზე, არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, არამედ მსოფლიო ბანკი საუბრობს.
„ჩვენ გვაქვს სიამაყის საფუძველი იქიდან გამომდინარე, არა მხოლოდ ღირსებასთან და მშვიდობასთან მიმართებით, ერთი მთავარი კომპონენტი, რაც ჩვენს საარჩევნო სლოგანშიც აისახა იყო – კეთილდღეობა და ჩვენ ასევე, 5-6 წლის წინაც, კი გველაპარაკა, რომ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეები ვიქნებოდით, ეკონომიკური ზრდის პარამეტრით ამასაც სასაცილოდ გახდიდნენ, მაგრამ დღეს ამაზე, არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, არამედ საუბრობს მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და ის ციფრები რომელიც შესაბამისის სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე იდება და მთავარი გამოწვევა რჩება, ეროვნული ამოცანა არის სიღარიბის დაძლევა და ასევე, სიამაყის საფუძველია ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ შეგვიძლია ჩამოვიდეთ 4 %-იან ნიშნულზე, მომდევნო 4 წლის განმავლობაში. რაც მართლაც უტოპიური განცხადება იქნებოდა რამდენიმე წლის წინ ახლა ჩვენ ამაზე თავისუფლად ვსაუბრობთ, ამის საფუძველს გვაძლევს ის მიმდინარე პოზიტიური დინამიკა ამ მიმართულებით რაც გვაქვს და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.