„ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროცესია, იმიტომ, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური შანტაჟი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შვეიცარიულ ბანკ „Julius Baer“-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გამოეხმაურა.
მდინარაძის განცხადებით, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი კარგად ვერ გაიცნეს. მისივე თქმით, „ადამიანმა თავის დროზე გადადო საკუთარი თავი სამშობლოსთვის და ფულით დაშანტაჟება, ბუნებრივია, მასთან ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს“.
ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის
ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს, „მან ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში”.
„მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ ისაუბრა „დიფ სთეითზე“, უფრო გაშალა ეს თემა ქართული და არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისათვის, ბევრი დამატებითი დეტალი გახადა ცნობილი, ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ უკვე მეორე შვეიცარიული ბანკის რეპუტაცია არაფრად ჩაეგდოთ, გაენადგურებინათ, ოღონდ დასაჯონ საქართველო, დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი და პოლიტიკური შანტაჟი მოუწყონ საქართველოსაც და ბიძინა ივანიშვილსაც,
ბუნებრივია, დასკვნის გამოტანა არავის გვიჭირს, მარტივი ამბავია – ერთი ბანკი გაანადგურეს ერთი ადამიანის შანტაჟისთვის, რომელმაც თავისი ქვეყანა არ გასწირა და ეს პირადი შანტაჟი არ გადავიდა ქვეყანაზე, უარყოფითად არ აისახა და მყარად დაუდგა წინ ამ ყველაფერს. უკვე მას შემდეგ, რაც „დიფ სთეითზე“ დეტალურად ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი გადაწყვიტეს მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე. რაც უნდა შვეიცარიული ბანკები გაანადგურონ, ეს ადამიანი, როგორც ჩანს, მათ ვერ გაიცნეს – ადამიანმა თავის დროზე გადადო საკუთარი თავი სამშობლოსთვის და ფულით დაშანტაჟება, ბუნებრივია, მასთან ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.