2 ივლისს, თავისუფლების მოედანზე, ეროვნული ნაკრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას, რომელსაც გულშემატკივრების ნაწილის უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმიანება.
როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, ეს „დაორგანიზებული მავნებლობაა“.
„პატარ-პატარა ნეგატიური ამბები, როცა ძალიან ხშირად ჩაეტენება ხოლმე „უპოზიტივეს“ ამბებში, ცუდის მეტი ამას არაფერი მოაქვს.
როცა აორგანიზებენ, რომ ვიღაცამ პრემიერის გამოსვლისას რაღაც „უუუ“ დაიძახოს და 100 კაცი აჰყვეს, როდესაც აორგანიზებენ იმას, რომ აბსოლუტური „ფეიკი“ დადგან, ეს არის ელემენტარული მავნებლობა. თან საყოველთაო ზეიმის ფონზე არ შეიძლება, ხალხო.
სხვათა შორის, [ფეხბურთი] ერთადერთი საკითხი აღმოჩნდა, რომელზეც ქვეყანა და ერი გაერთიანდა. აქ როგორ უნდა ეძებო „ფეიკის“ გაკეთების, რაღაცის დადგმის შანსი? არის რაღაც საკითხები, რაზეც ერი უნდა გაერთიანდეს და ვიღაც თუ ვერ ახერხებს, ეს მისი პრობლემაა. დღეს ქართველი ერი ჩვენი ბიჭების წარმატებას ზეიმობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.