საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის აეროპორტში კვერცხების სროლის ფაქტს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.
როგორც ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „მორალურად შეიძლება ცუდი იყოს, მაგრამ ყველაფერი არ არის დანაშაული“.
„[კვერცხის სროლა] გუშინ გამოხატვის თავისუფლება იყო და დღეს… ნიკა გვარამია ამბობდა, მე არასდროს მჯეროდა ამის. მეორე საკითხია არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული. გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მიმართ. რაც დათესეს, ის მოიმკეს, სამწუხაროდ. ყველაფერი ცუდი სისხლის სამართლის დანაშაული არაა. მორალურად შეიძლება ცუდი იყოს, მაგრამ ყველაფერი არ არის დანაშაული. დანაშაული არის მხოლოდ ის, რაც წერია სისხლის სამართლის კოდექსში, სხვა სახის დანაშაული არ არსებობს. მაგრამ სამართალდარღვევა თუ არის, ამის კვალიფიკაციის მინიჭებას არ ვაპირებ, ამ შემთხვევაში პოლიტიკოსი ვარ“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, აღნიშნული ფაქტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18 თებერვალს, გამთენიისას მაშინ მოხდა, როდესაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში ბრუნდებოდა. სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი კვერცხები დაუშინეს.