მსახიობი მანანა კოზაკოვა კარჩაკეტილობას საკმაოდ რთულად უმკლავდება. როგორც ბევრმა ადამიანმა, მანაც გამოძებნა საქმე, რომელიც რთულ პერიოდს გადაატანინებს და მეგობართან ერთად ულამაზესი ნამუშევრების შექმნა დაიწყო. მათ ნამუშევრებს ნახავთ სპეციალურად სოციალურ ქსელში შექმნილ გვერდზე Details By Manana Kozakova. ნამუშევრების საუკეთესო შემფასებელი მისი მეუღლე, რეჟისორი, ლევან წულაძეა, რომელიც იდეებს ხან იწონებს, ხან იწუნებს…
ქალბატონო მანანა, როდიდან დაიწყეთ ამ ლამაზი ნამუშევრების შექმნა?
მანანა კოზაკოვა:
საერთოდ, ადრე არასდროს მიცდია მსგავსი რამის გაკეთება. მხოლოდ მცირე მცდელობები მქონდა, რომელსაც არ ჩავთვლი. კარჩაკეტილობამ მოიტანა ეს ინტერესი. უსაქმურობას ბავშვობიდან არ ვარ მიჩვეული. ენერგია სად წამეღო, არ ვიცოდი. სხვათა შორის, ქალბატონი ნუნუ ბენდუქიძე გახდა ჩემი მოტივატორი, ძალიან ვმეგობრობთ და მან ლამაზი ჰალსტუხები მაჩუქა. ახალ ველოსიპედს, როგორც მივხვდი, ვერ გამოიგონებ. ყველაფერი უკვე გაკეთებულია. „პრინტერესტზე“ ვნახე საინტერესო იდეები. ამ ჰალტსუხებიდან ჯერ საყელოები გავაკეთეთ, მერე სახელოები. ახლა ისეთი დროა, ლამაზი, გაპრანჭული კაბა რომ იყიდო, სად უნდა ჩაიცვა? სახელურებისა და საყელოების დამაგრება ჩვეულებრივ შავ კაბაზე ან ყოველდღიურ ჯემპრზე შინაგანად ძალიან გაგახალისებს. ყველა მსახიობის ჩვევაა, რომ ყველაფერი, რაც თავად არ გინდა, მიგაქვს თეატრში, კაბა, მძივი თუ სხვა რამ. მოვაგროვე ეს ყველაფერი და შევუდექით ამ საქმეს, მე, თამუნა ბუხნიკაშვილი და ჩვენი დამხმარე ქალბატონი, ლინა. ყოველდღე ახალი ნამუშევრები იქმნება, რომელსაც ქალბატონი ლინა და თამუნა კერავენ, მე უფრო დიზაინერის ფუნქცია მაქვს, ლევანს კი – კრიტიკოსის. ზოგიერთ იდეას გვიწუნებს ან იწონებს. კატეგორიულია, სხვათა შორის. ჩვენი რევიზორია და მის აზრს ვითვალისწინებთ. ძალიან კარგად იცის და ერკვევა…
თქვენთვის აპირებთ რომელიმე ნამუშევრის დატოვებას?
საახალწლოდ ვაპირებ, ჩემთვის შევქმნა სახელური.
ვიცი, რომ უკვე ამ ნამუშევრების გვერდიც გააკეთეთ სოციალურ ქსელში.
ისე შეგვითრია ამ საქმიანობამ, რომ რაღაცების ყიდვამაც მოგვიწია, ყველა საჭირო ქსოვილი თუ სხვა რამ არ გვქონდა. გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა „ფეისბუქ“-გვერდი: Details By Manana Kozakova, სადაც დავიწყეთ ამ ნამუშევრების განთავსება. თუკი გაიყიდება, ხარჯსა და ქალბატონი ლინას შრომას ავანაზღაურებთ. ნამუშევრების ფასი 80-125 ლარის ფარგლებში იქნება, რადგან საკმაოდ ძვირფას მასალას ვიყენებთ მათი შექმნისას. ჯერ მხოლოდ ერთი ხაზი დავდეთ, ძალიან ბევრი ნამუშევარი გვაქვს, რომლებსაც ნელ-ნელა დავამატებთ. ამაში თინათინი მეხმარება. ის იღებს, მე ვარ მოდელი.
მოკლედ, ოჯახური თავშესაქცევი ბიზნესია.
არ ვიცი, რამდენად მიიღებს ბიზნესის სახეს, მაგრამ თავშეაქცევი საქმე ნამდვილად არის, როცა ოთხ კედელს შუა ხარ გამომწყვდეული. შეიძლება, ასე ადამიანი გაგიჟდეს…
როგორ უმკლავდებით ამ პერიოდს?
ძალიან მძიმედ, ვერ ვუმკლავდები. ამას წინათ, ნევროლოგთან ვიყავი, მივხვდი, რომ მჭირდებოდა დახმარება, ჩემით ხომ არ დავლევდი წამლებს. ნევროლოგმა დამისვა კითხვები, როგორ ვარ დილას და საღამოს, ძილის წინ თუ მაქვს შფოთვა. მივხვდი, რომ ყველაზე ცუდად თავს ვგრძნობ საღამოს ექვსიდან შვიდ საათამდე, როცა მაქვს პანიკური შეტევები. ამ დროს მივდიოდით ხოლმე თეატრში და ვემზადებოდით სპექტაკლისთვის. ასე გაუცნობიერებლად მიტევს ამ დროს სწორედ სურვილი, რომ ავდგე და სადმე წავიდე. ექიმმა დამინიშნა წამალი, თან არაერთი, რადგან ძალიან გამიჭირდა.
ბევრ თქვენს კოლეგას გაუჭირდა თეატრის გარეშე ცხოვრება. მომავლის პერსპექტივას როგორ უყურებთ?
ძალიან რთული იცით, რა არის? როცა იცი, რომ რაღაც დრო გავა, ვთქვათ, ერთი წელი და დაუბრუნდები შენს საქმეს, კარგია, გაურკვევლობა და გაუგებრობა – ცუდია. საერთოდ, ალბათ, მოლოდინი, სიკვდილისაც კი, უფრო საშიშია, ვიდრე თვით სიკვდილი. ზოგიერთი ჟანრი სწორედ ამას ემსახურება, რომ აჩვენოს, როგორია, როცა ადამიანი რაღაცას ელის და როგორი საშიშია ეს მოლოდინი. მოქმედების ადამიანი ვარ. როცა რაღაც პრობლემაა, სულ ვამბობ, არა უშავს, გადავჭრით. როცა პრობლემაა და მისი გადაჭრა ჩემზე არაა დამოკიდებული, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს. ვიცი, რომ მთელი მსოფლიო ასეა, მაგრამ ეს არ მამშვიდებს.
90-იანი წლები გამოვიარეთ, ბევრი რამ, მაგრამ გვქონდა საშუალება, რაღაც გაგვეკეთებინა, ახლა ვართ სრულ უმოქმედობაში. ყველაზე მეტად ეს მასევდიანებს და ასევე ის, როცა ვუყურებ, რა ხდება გარეთ და როგორ უჭირს ხალხს, როგორ შია, როგორ სწყურია. ცრემლები მადგება, როდესაც წარმოვიდგენ, რა დღეში არიან, ბევრად ჩემზე უარესად, როგორ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და ვერაფრით ვიმშვიდებ და ვიმხიარულებ თავს… მიმაჩნია, რომ ეს უფრო ადეკვატურია. ახლა რომ კარგად იყო, არ იქნებოდა ადეკვატური.
თქვენს სახლში, წყნეთში როცა გსტუმრობდით, მაშინ გვითხარით, რომ მუდმივად მართავთ წვეულებებს. ახლა, ალბთ, ეს წვეულებებიც გენატრებათ.
სხვათა შორის, ლევანი სულ რაღაცას იგონებს, ხან თევზის დღეს, ხან იმას, ხან ამას, რისი მატერიალური საშუალებაც არის იმ მომენტში, რომ ჩვენთვის ახლობელი რამდენიმე ადამიანი მოვიწვიოთ და გავუმასპინძლდეთ. რა თქმა უნდა, უფრო შემჭიდროვებულად, ვიდრე ადრე. ზოგადად, ლევანი უფრო უკეთ უმკლავდება ამ პერიოდს, ვიდრე მე, ლევანს ფიქრითაც შეუძლია ამ დროის გაიყვანა, ვთქვათ, მომავალ ნამუშევარზე, მე კი ყოველ საღამოს სპექტაკლის თამაში მინდება…
ინტერვიუ: ნინო მურღულია