მანდატს დავტოვებ და გამოვალ პარლამენტიდან, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, პარტიის ხელმძღვანელობას გაესაუბრება.
„ვფიქრობ, საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად. იცით, რომ 30 წელი ვიყავი ჯარში. ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან და ვნახოთ, მაგრამ ამავდროულად, მე ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგული წევრი. ჩემი პირადი სურვილი არის, რომ დავტოვო მანდატი, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ ალბათ, საჯარო სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე საპარლამენტო ცხოვრებაში.
ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ჩემი მხრიდან მიღებული, ესეც არ მაძლევს იმის უფლებას და საშუალებას, დავრჩე პარლამენტში, ესეც არის ჩემი გარკვეული შინაგანი გამოძახილი, ხმის არ მიცემას ვგულისხმობ.
მანდატს დავტოვებ და გამოვალ პარლამენტიდან, თუმცა საბოლოოდ მაინც პარტიის ხელმძღვანელობასთან გავისაუბრებ, მაგრამ ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს. მქონდა კომუნიკაციები, ყველამ იცის ჩემი პოზიცია, თუმცა ვნახოთ, არის რაღაც, რაც საჭიროებს დამატებით განხილვას”, – აცხადებს ვლადიმერ ჩაჩიბაია.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ჩაჩიბაია ერთ-ერთი იყო იმ დეპუტატებიდან, რომლებმაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.