სამოქალაქო მოძრაობა ითხოვს, აიკრძალოს რეზინის ტყვიების მეშვეობით საპროტესტო აქციების დაშლა. მანიფესტის ავტორები ამბობენ, რომ დაუშვებელია მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა იმდაგვარი იარაღით, რომელიც გამოიწვევს ადამიანების დასახიჩრებას ან სიკვდილს.
“პოლიციის შესახებ კანონის მე -12 მუხლი, ადგენს იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლებელია იქნას გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს. ამ ჩამონათვალში, არსადაა ნახსენები რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობა. როგორც ჩანს, კანონში არსებული ჩანაწერი – არალეტალური იარაღი, პოლიციის მხრიდან აღქმულია როგორც რეზინის ტყვიების მომიტინგეების საპირისპიროდ გამოყენების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია კანონში გაჩნდეს პირდაპირი აკრძალვა, ამდაგვარი იარაღის გამოყენების თაობაზე”, — წერია მანისფესტის ტექსტში.
ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტს მოჰყვა. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო.
აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.
ფოტო: დათო შალიკაშვილი