მანიკა ასათიანისთვის იდეალური ზაფხული მაშინ დგება, როცა ოჯახთან ერთად დასასვენებლად მიდის. წელსაც ასეთი ზაფხული გაატარა. შვილი, გიო, რომელიც უკვე 13 წლისაა, მანიკას და მისი მეუღლის მთავარი საფიქრალია.
მანიკა, დავიწყოთ შენი ზაფხულით. შვებულება როგორ გაატარე?
ზაფხულის დასვენება ჩემთვის ასოცირდება ოჯახთან ერთად დროის გატარებაზე. სხვა პერიოდებში კი მიწევს მოგზაურობა, დაგეგმილად თუ დაუგეგმავად, ამიტომ ზაფხულში ვცდილობ, სულ ოჯახთან ერთად ვიყო და დავისვენო.
ივლისში დაიწყო ჩემი საზაფხულო არდადეგები. ჩემი შვილი, გიო 29 ივლისს არის დაბადებული და ვცდილობთ, რომ ეს დღე საქართველოში არ გავატაროთ, რადგან მისი მეგობრები არ არიან ხოლმე. რამდენიმე დღით ოჯახი გავემგზავრეთ თურქეთში, ბოდრუმში, ძალიან ლამაზ სასტუმროში. კმაყოფილი დარჩა გიოც და ჩვენც.
უფრო პასიურად დასვენება გიყვარს, თუ აქტიურად?
ზოგადად, აქტიურად, მაგრამ ზღვას მთა მირჩევნია. მთაში მომწონს მეგობრებთან ერთად ყოფნა და გართობა. წელს მარიამობა რაჭაში გავატარე, მეგობრებთან და შვილთან ერთად და სასწაული ემოციებით დავიტვირთეთ.
სხვათა შორის, მაქვს ბედნიერება და ძალიან ბევრი ადგილი მაქვს საქართველოში ნანახი, სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა, ზემო აჭარა. ყველა შთაბეჭდილებას დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. წელს ასევე გახლდით კახეთში, ქობულეთში.
რამხელაა შენი ბიჭი?
13 წლისაა.
როგორი ურთიერთობა გაქვთ, როგორი ბიჭია?
დისტანციის დაცვა არ გამოგვდის. როცა ერთი შვილი გყავს, ეს ძალიან რთულია. ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს მე და გიოს. ბავშვის გარეშე ვერ ვისვენებ, თუ ის ჩემთან ერთადაა, ბევრად მშვიდად ვარ და ბევრად კარგია ყველაფერი.
უფრო მეტად ვის ჰგავს?
ვიზუალურად მე მგავს ძალიან, ხასიათით – ორივეს. არის ძალიან აქტიური და თბილი ადამიანი, შეუძლია სიყვარულისა და ემოციის გამოხატვა, რაც მე ძალიან მომწონს. ვფიქრობ, არც ერთი მშობლის სრული კოპირება არ არის, თავისი ხასიათი და შეხედულებები აქვს, ჩვენც მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევთ, რომ ჩამოყალიბდეს.

გიო დედისერთაა და ასეთ შემთხვევაში ხშირად ეგოისტური მომენტები არის ხოლმე, შენ როგორი აღზრდის მეთოდი გაქვს?
ეგოისტობას ნამდვილად ვერ დავაბრალებ, პირიქით. ჩემი დისშვილები და-ძმასავით ჰყავს. ალბათ, აღზრდაზეც არის ბევრი რამ, სიმკაცრეს ზომიერად ორივე მშობელი ვიჩენთ, თუმცა ძალიან მკაცრები არც ერთი არ ვართ. რაც უფრო ჯიუტად მიუდგები, გიო თვითონაც ასეთ პოზიციაზე დარჩება, თბილი კომუნიკაცია ბევრად მნიშვნელოვანია.
რთულია ემოციების მოთოკვა, ყოველ ჯერზე სწორი სიტყვების შერჩევა, ბავშვისთვის ხომ მშობელი იდეალია. ნებისმიერ შემთხვევაში შვილმა უნდა აღიქვას, რომ მშობელმა შეიძლება დაუშვას შეცდომა თუნდაც მასთან ურთიერთობაში ან ყოფაში, რომ ეს ტრავმა არ იყოს. მთავარი ისაა, რაც უნდა გამოუვალ მდგომარეობაში იყოს, ჩემი და მამის იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეს. იმას არ ვამბობ, რომ არასწორ სიტუაციაში გავამართლებთ, მაგრამ გვერდში დავუდგებით. გარეთ კითხვების დასმას მირჩევნია, სახლში ეძებოს პასუხები. მთავარი იმედი, ძალა, ზურგი და საყრდენი უნდა იპოვოს დედ-მამაში. თუ ამას მიაღწევ, მარტივია, რაღაცები არ გამოგეპაროს.
ახლა რა ეტაპზე ხარ? თინეიჯერი შვილი გყავს, საყვარელი მეუღლე, კარგი კარიერა. მომავლისგან რას ელი?
ზოგადად, მიზნებზე საუბარი არ მიყვარს, არც ოცნება. ჩემი და ბექას საფიქრალი, გარდა იმისა, რომ ჩვენს საქმეს კარგად გავაკეთებთ, არის ის, რომ გიოს სწორი მიმართულებები მივცეთ, ხელი შევუწყოთ მისი ნიჭის წარმოჩენას და პოტენციალის გამოყენებას. გიო კალათბურთელია და დღეს ჩვენი საფიქრალი ესაა, როგორ წარვმართოთ სწორად მისი ეს მოწოდება.

ღმერთმა რა ნიჭიც მოგცა, ის უნდა განავითარო ბოლომდე და არასდროს გაჩერდე. თვითგანვითარება, შვილზე ზრუნვა – ეს მთავარი მიზნებია. დანარჩენი კი, – ყველა შესაძლებლობას გამოცდილებად აღვიქვამ. არაფერს ვუშინდები. ერთფეროვანი ცხოვრება ისედაც არ მაქვს, ხასიათიც მრავალფეროვანი მაქვს, მიყვარს ცვლილებები, ცხოვრებისეული გამოწვევები ჩემთვის საინტერესოა.

შენ და ბექა, როგორც ჩანს, ერთი მიმართულებით იყურებით და ეს გაერთიანებთ. კიდევ რა განაპირობებს თქვენი ურთიერთობის სიმყარესა და ხანგრძლივობას?
ხედვა, ღირებულებები, სიყვარული – ეს გვამოძრავებს ორივეს. ძალიან პატარები ვიყავით, როცა დავქორწინდით და ერთად გავიზარდეთ. ამ პროცესში, სხვადასხვა მიმართულებით რომ განვვითარებულიყავით, ალბათ, გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ერთად მოვდივართ. სტაბილურობა ორივეს გვიყვარს. და რაც მთავარია, გვაერთიანებს გიო…