საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ავტომანქანების გაუმართაობის პრობლემის ეტაპობრივი მოგვარების მიზნით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების ინიციატივით გამოდის, – განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ადამიანების, ბავშვების ჯანმრთელობა.
„შეიძლება, ერთი ადამიანი გავანაწყენოთ და 20-ის სიცოცხლე ვიხსნათ. ვფიქრობ, ამაზე შეიძლება საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩავატაროთ. ვკითხოთ მოსახლეობას, რა ურჩევნიათ. რაღაც ხარჯი შეიძლება გაწიოს ადამიანმა, რომელსაც არ აქვს კატალიზატორი, შეიძლება კომპანიებს ვთხოვოთ, რომ გააკეთონ განვადება, მაგრამ ეს სასწრაფოდ დასარეგულირებელია, ეს არის ძალიან რთული საკითხი, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდეგ, ეტაპობრივად, ავტომანქანების დაზღვევა და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება დაინერგება. ცვლილებები დროში გაიწერება. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხს დროსა და სივრცეში დანახვა, გეგმის შემუშავება, მოსახლეობისთვის წარდგენა და განხორციელება სჭირდება. გეგმას მთავრობა მოსახლეობას უახლოეს მომავალში წარუდგენს.
„მანამდე, გთავაზობთ, ჩავატაროთ კვლევა და გავიგოთ ხალხის აზრი, რამდენად აწუხებთ მათ ეს საკითხი. ვფიქრობ, ეს საკითხი ყველას აწუხებს. სიმსივნეების და სხვა დაავადებების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის გამონაბოლქვი“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობაც მარჯვენასაჭიან და გაუმართავ ავტომანქანებს უკავშირდება.