“ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სკოლების აქტივობა არ შეფერხდეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, სკოლებისთვის პროტოკოლი გაწერილია და საგანმანათლებლო დაწესებულებებში იციან, როგორ მოიქცნენ, თუ ინფიცირება გამოვლინდა.
“ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სკოლების აქტივობა არ შეფერხდეს. სკოლებისთვის პროტოკოლი გაწერილია და იციან, როგორ მოიქცნენ, თუ ინფიცირება გამოვლინდა. იყო შემთხვევები, როცა საჯარო სკოლებს ონლაინრეჟიმზე გადასვლა მოუხდა. ჩვენთვის მთავარია, ეფექტიანად მოხდეს საკლასო გარემოში გამოვლენილი შემთხვევების მართვა.
ახლა ჩვენთვის მთავარია ამ მერყეობის აქტიური მართვა. ამას მეხუთე ტალღას ვერ დავარქმევთ, რადგან მეოთხე ტალღიდან ვერ გამოვედით. არის გარკვეული მერყეობა, რაც უნდა მოგვარდეს იმ გზით, რომ დავუბრუნდეთ პირბადის აქტიურ გამოყენებას და უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი. ასევე უნდა დავიცვათ სოციალური დისტანციის წესები”, – განაცხადა გაბუნიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სკოლებში დაწესებული წესები უნდა შესრულდეს და დამატებითი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება.