საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები“ დაამტკიცა.
როგორც ”ფორტუნას” კომისიიდან აცნობეს, დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სპონსორობა იდენტიფიცირებული და რეკლამისგან, ტელეშოპინგისა და პროგრამაში პროდუქტის განთავსებიგან (Product Placement) გამიჯნული იყოს;
ასევე, სპონსორის გზავნილები უნდა გაიმიჯნოს პროგრამის შინაარსისგან, შენარჩუნდეს მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ მოხდეს პროგრამების შინაარსზე სპონსორის ზეგავლენა მიღებული სარგებლის სანაცვლოდ.
გარდა ამისა, სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებებს, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური ასევე ვიზუალური ფორმით.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ შესახებ დებულება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დამტკიცდა.
მაუწყებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ შესახებ დებულება ძალაში 2016 წლის 1 აპრილიდან შევა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 33-ე პუნქტის თანახმად, კომისიას 2016 წლის 16 იანვრამდე უნდა დაედგინა სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივის (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა) შესაბამისად და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით.
კომისიამ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში გაითვალისწინა საერთასორის პრაქტიკა და დიდი ბრიტანეთის (OFCOM) და ჩრდილოეთ ირლანდიის (COMREG) მარეგულირებელი ორგანოების ნორმატიულ ბაზას დაეყრდნო.