LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარეგულირებელთა ოთხი ქსელის სამიტზე საქართველოს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალზე ისაუბრეს

123
12

კომუნიკაციების კომისიის (ComCom) წარმომადგენლებმა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ოთხი ქსელის გაერთიანებულ სამიტში მიიღეს მონაწილეობა, რომელსაც მადეირამ (პორტუგალია) უმასპინძლა.

სამიტი მიზნად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში აქტუალური საკითხების განხილვას, გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობის გაღრმავებასა  და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას ისახავს.

სამიტის ფარგლებში, რომლის მთავარ თემას საერთაშორისო დაკავშირებადობა წარმოადგენდა, გაიმართა პანელური დისკუსია, რომელზეც ComCom-ის წევრმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელი პლატფორმის (EaPeReG) წლევანდელმა თავმჯდომარემ ეკატერინე იმედაძემ ყურადღება შავი ზღვის გავლით ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო ციფრული კავშირის დერეფნის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„საქართველოს აქვს პოტენციალი ჩამოყალიბდეს როგორც ციფრული სერვისების მიმწოდებელი რეგიონული ჰაბი, რასაც მოკლევადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენა ექნება ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყნის უკეთეს პოზიციონირებას მზარდ გლობალურ და რეგიონულ ციფრულ ეკონომიკაში მოწინავე ადგილის დასამკვიდრებლად“ – განაცხადა იმედაძემ.

გაერთიანებული სამიტის პარალელურად, ComCom-ის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (BEREC) ამჟამინდელ და მომავალ თავმჯდომარეებთანაც და კომუნიკაციების კომისიის BEREC-ში გაწევრიანების საკითხი განიხილეს. შეხვედრები ასევე გაიმართა ირლანდიის, პორტუგალიის, მალტისა და პოლონეთის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეები და თანამშრომლობის გამყარების შესაძლებლობები მიმოიხილეს.

ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ოთხი ქსელი ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (BEREC), ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (EMERG), აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელი პლატფორმისა (EaPeReG) და ლათინური ამერიკის, ესპანეთისა და პორტუგალიის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელის (REGULATEL) წარმომადგენლებს აერთიანებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g