იხილავს თუ არა ქართველი ამომრჩეველი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს ოპოზიციის მიერ შეთანხმებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის, ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციისას, “რუსთავი 2”-თან ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენას გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ უკვე არის პოლიტიკაში დაბრუნებული და ამჟამად ჩართულია იმ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაერთიანების პროცესში, რომლებსაც ის “ქართული ოცნებისა” და წინა ხელისუფლების ალტერნატივად მოიაზრებს.
კითხვაზე, ხომ არ არის ეს ის პოლიტიკური პლატფორმა, რომელშიც ალეკო ელისაშვილი, ანა დოლიძე და ლევან კობერიძე არიან, მარგველაშვილმა კონკრეტული დადებითი პასუხი არ გასცა თუმცა არც უარყო:
“ეს იქნება პოლიტიკური პლატფორმა იმ ადამიანებისა, რომლებიც ასე ხედავენ თავს , არა აწმყო წარსულში, არა კიდევ უფრო შორეულ წარსულში არამედ მომავალში,”- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის 2020-ის არჩევნებში მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს და ახსნა რა პროცესში მონაწილეობს ამჟამად:
“პოლიტიკაში ჩართული ვარ, ამ ეტაპზე ჩემი მიზანი არის, რომ პოლიტიკური სპექტრის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყოს… ის, რაზეც არის ქართული საზოაგდეობის შეკვეთა. ქართული საზოგადოების შეკვეთა არის ახალ ძალაზე, არა წინა ხელისუფლებაზე, არა იმის წინა ხელისუფლებაზე, არამედ ახალ ძალაზე. მე იმედი მაქვს, რომ ამ პოლიტიკური ძალების გაერთიანება მოხერხდება. მე დიდი ძალისხმევით ვარ ამაში ჩართული. ვცდილობ კონსულტაციებს ამ პოლიტიკურ ძალებთან, მათთან, რომლებსაც მე ალტერნატივად მოვიაზრებ”, – განაცხადა მარგველაშვილმა ტვ პირველთან.