სამართალდამცველები, რომელებიც დანაშაულის სტატისტიკას ქმნიან და პრეზიდენტს არ აწვდიან, ეს მათ პოლიტიზებაზე მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი უწყებებისგან 3 კვირაა ითხოვს დანაშაულის სტატისტიკას, რათა მოხდეს მისი შესწავლა და შეწყალების კომისიამ ამის საფუძველზე გააგრძელოს მუშაობა, თუმცა – უშედეგოდ.
„შეწყალებასთან დაკავშირებით არ გვაქვს შავი პიარი, ეს არის პროპაგანდა. როგორ უნდა შევაფასოთ ჩემს მიერ შეწყალება, ამის მაგალითი იყო ის შპარგალკა, რომელიც „იმედის“ ეთერში გამოჩნდა – მავნებელი მარგველაშვილი, რაღაც რიცხვები და ა.შ. სამი კვირაა ღიად ვითხოვ ეს სტატისტიკა მომაწოდონ, რომ ანალიზი გავაკეთოთ, თუ რომელი დანაშაული მეორდება, რა არის უფრო საშიში და ა.შ., მაგრამ ეს სტატისტიკა არავის მოუწოდებია. მე ვსაუბრობ იმ უწყებებზე, რომლებმაც შექმნეს ეს სტატისტიკა, ვიღაცას ჩაუდეს მესიჯბოქსში, მაგრამ ჩემამდე არ მოაქვთ. სამართალდამცველები, რომლებიც სტატისტიკას ქმნიან და შენ არ გაწვდიან, ეს მათ პოლიტიზაციაზე მეტყველებს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.