პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრასთან დაკავშირებით ჩემი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის კანდიდატზე დამოკიდებული არ იქნება – ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც 1-ელ აგვისტოს გამოცხადდება, დამოკიდებული იქნება იმ პროცესზე, რაზეც ორი კვირაა გიორგი მარგველაშვილთან ვსაუბრობ, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მას გაცხადებული აქვს, რომ სარჩევნო პროცესში მონაწილეობს, თუმცა გვერდზე გაწევაც შეუძლია.
„ძალიან მოხარული ვიქნები, თუ საარჩევნო მარათონში კონკურენცია მართლა დამოუკიდებელ კანდიდატთან მომიწევს. მე საარჩევნო პროცესში ჩართული ვარ, მაგრამ შემიძლია გვერდზე გავიწიო. მარგველაშვილი თუ უსუფაშვილი – ამაზე საბოლოო პასუხი 1-ელ აგვისტოს იქნება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებამ მიიღოს ზომები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. კანდიდატს, ვისაც უნდა იმას დაუჭერს მხარს, რაც უფრო მაღალი ხარისხის და შესაფერისი კანდიდატები იქნებიან, ეს უკეთესი იქნება ქვეყნისთვის,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.
„შენების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, მისი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის კანდიდატზე არ იქნება დამოკიდებული.
„ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც გამოცხადდება 1-ელ აგვისტოს, დამოკიდებული იქნება იმ პროცესზე, რაზეც ორი კვირაა მარგველაშვილთან მაქვს საუბარი. სუპერ ჭკვიანური აზრები იმის თაობაზე, რომ ივანიშვილს უნდოდა უსუფაშვილის მხარდაჭერა და მე რომ მარგველაშვილს მივმართე, ვიჩქარე და ეს შანსი დავკარგე, აბსოლუტურად უსაფუძვლო განცხადებაა. თუ ივანიშვილმა ჩემი მხარდაჭერა მარგველაშვილთან ჩემი მიმართვის გამო გადაიფიქრა, ე.ი. ყველაზე სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადამიდგამს,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.