მარი ნაკანი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს ბულინგის შესახებ, რომელიც გარეგნობის გამო გამოიარა, თუმცა აღნიშნავს, რომ დღეს ერთადერთი, ვისი აზრიც აინტერესებს ამ ყველაფერზე, საკუთარი თავია:
„გარეგნობაზე ძალიან ხშირად მიფიქრია ბავშვობაში. გარკვეული ბულინგის, წამოძახილების, გულისტკივილების გამო, რომელსაც აღარ მინდა, შევეხო, მე მომიწია, რომ წავსულიყავი ოპერაციებზე, დავწოლილიყავი ქირურგიული დანის ქვეშ და გარდამექმნა ჩემი გარეგნობა. იქნება ეს ცხვირის ოპერაცია, მკერდი, კბილები, ყველაფერი, რაც ეხებოდა კანის მოვლას, ბოტოქსი, ტუჩის გადიდება… ეს ყველაფერი ნამდვილად იყო ჩემს ცხოვრებაში და ექსპერიმენტების დროს, ძალიან ვჯიჯგნე ჩემი ნერვული სისტემა. ხან მომწონდა, ხან არ მომწონდა, ხან ისევ დამცინოდნენ – რატომ გადაკეთდა ეს გოგო, რა დაემართაო, ხან პირიქით, მოსწონდათ სიახლეები. თუმცა, ბავშვობაში ამბობდნენ „რას ჰგავსო“. ზოგადად, შეფასებათა სისტემა, შედარებები და საერთოდ ის სიმახინჯე, რაც ხდებოდა პოსტსაბჭოთა სკოლებში: ნიშნების წერა, დაფასთან გაყვანა და საჯაროდ „შერცხვენა“, როცა კლასი იცინის, შენ რომ გული გეკუმშება, გეტირება, გრცხვენია, ბიჭების შეფურთხებები, ლანძღვა-გინება, ძალიან უწმაწური სიტყვები, რომლებიც ტრავმას გაყენებს, ძალიან ბევრი რამ მახსენდება, ძალიან, ბევრი და ამის გამო, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მე ვიყავი ძლიერი და თავდაჯერებული ადამიანი. მე მქონდა ბევრი შიში, სირცხვილი, მაგრამ ეს სოციალური შფოთვა იმის შესახებ, თუ ვინ როგორ შემაფასებს, უდიდესი დეპრესიის მერე ნელ-ნელა გადავლახე.
დეპრესიის, რომელიც გამოვიარე დედაჩემის ოპერაციების შემდეგ. მე დედაჩემის მარტოხელა პატრონი ვარ, დედისერთა ვარ – და-ძმა არ მყავს და მარტოს მომიწია დედიკოს მოვლა დიდი ხნის განმავლობაში.
დედა 5 წელი ლოგინად იყო ჩაწოლილი და ძალიან დიდი მონდომების შედეგად, როგორც იქნა, ფეხზე დავაყენე. სანამ დედა ცუდად იყო, არც მე ვიყავი კარგად. ძალიან განვიცდიდი, როცა მას სტკიოდა, მასთან ერთად ვტიროდი. ჩვენ უდიდესი სახლი დავკარგეთ. დედამ ბანკში ჩადო დიდი ვალის გამო და მერე წაგვართვეს. მთელი ამბები დაემთხვა. დაახლოებით ოცი წელია, რაც დედისთვის სახლს ვქირაობ, ვპატრონობ, ფიზიკურად თუ მენტალურად, ასევე, ფინანსურად, სულ ვცდილობ, გავახალისო, გავაბედნიერო და მეცოდება, როცა ვუყურებ, ძალიან ნიჭიერ ხელოვანს, რომ ნელ-ნელა ფრთები ჩამოეჭრა.
ჩვენი მშობლების თაობას, ბევრი განცდა, უსამართლობა და სისასტიკე აქვს გამოვლილი. ამ დიდი დეპრესიის შემდეგ ფსიქოლოგებთან სიარული მომიწია. დედაც დამყავდა და ნელ-ნელა ვიპოვე არაჩვეულებრივი ფსიქოლოგიური და სულიერი პროგრამა, რომელსაც ჰქვია „გამოსავალი“. აქ 12 ნაბიჯის პროგრამა გავიარე, რამაც ფეხზე დამაყენა. უკვე აღარ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს ჩემზე, მოვწონვარ – არ მოვწონვარ, ვუყვარვარ – არ ვუყვარვარ. დაე, იმან გადაწყვიტოს და იმან ამირჩიოს, ვისაც ყველაზე უფრო ვენდობი, ეს არის ჩემი თავი. ამ გადმოსახედიდან თუ შევხედავთ დღევანდელ დიდ სურათს, მოვაახლოვებთ და დავინახავთ მარი ნაკანს, როგორც უკვე შემდგარ, 42 წლის პიროვნებას, რომელმაც პარიზში აღნიშნა დაბადების დღე, უახლოეს პარიზელ მეგობრებთან ერთად, ესენი არიან ტოპფოტოგრაფები, ტოპმოდელები, ტოპდიზაინერები და ასე შემდეგ, უკმაყოფილო და უმადური ნამდვილად ვერ ვიქნები. მამის სულს ვფიცავ, ისეთი სასწაული ადამიანები დამიკავშირა უფალმა, ისეთ სასწაულ საზოგადოებაში აღმოვჩნდი უცებ, დაუგეგმავად, რომ ერთი წლის წინ ვერავინ დამაჯერებდა, თუ პარიზის საუკეთესო, ნაღები საზოგადოება, ამდენი უზომოდ პრესტიჟული ხელოვანი გახდებოდა ჩემი უახლოესი მეგობარი. მათ ჩემი დაბადების დღე დიდი სიხარულით აღნიშნეს ჩემთან ერთად. როგორ არ უნდა ვიყო ბედნიერი, როგორ უნდა ვიყო უმადური და როგორ ვერ უნდა დავინახო ეს სიუხვე, რაც ღმერთმა დამაბერტყა: ჩემი ნიჭი, ჩემი ტალანტი, ჩემი მსოფლმხედველობა, გონებაგახსნილობა, უსასრულო სიყვარულის უნარი – ეს ყველაფერი ღმერთის დამსახურებაა“.