LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარი ნაკანი „სუპერცნობილი ადამიანის“ გადაღებაზე – „არ დაგიმალავთ, ძალიან ასწორებს“

590

„საქართველოს ბანკის“ სანტას რეკლამაში წელს, ქართველი მსახიობების ნაცვლად, უცხოელმა მილიონერმა ჯან ლუკა ვაკიმ და მისმა მეორე ნახევარმა მიიღეს მონაწილეობა. რეკლამა უამრავმა ადამიანმა ნახა.

გადაღების გარდა, იტალიაში ფოტოსესიაც შედგა. ფოტოები მარი ნაკანმა გადაიღო. ახლახან მან ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა იმაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას იმ სფეროში, სადაც ის მუშაობს. ასევე გაიხსენა ზემოხსენებული გადაღებები იტალიაში და გააზიარა ფოტო.

ფოტო, რომელსაც ნახევარი მილიონი ლაიქი აქვს

„როცა სტუდენტი ვიყავი, პირველ კურსზე, ნათხოვარი ფოტოაპარატით ვიღებდი ფოტოებს. ხან ვის ვთხოვდი კამერას, ხან ვის. ჩემი ოცნება იყო, საკუთარი ფოტოაპარატი მქონოდა. სადაც კი ფოტოგრაფი სჭირდებოდათ, ყველა გასაუბრებაზე მივდიოდი და ყველა ტიპის გადაღებაზე მთელი გულით ვიხარჯებოდი. იქნებოდა ეს კონფერენციის გადაღება თუ ბენზინგასამართი სადგურის, კონცერტის გადაღება თუ საოჯახო პორტფოლიოსი. ჩემთვის ყველა გადაღება საინტერესო იყო, რადგანაც ვხვდებოდი, რომ გამოცდილება ყველაზე კარგი მასწავლებელია.
მთავარი დროა. მთავარი შენ თავზე მუშაობაა. შეუძლებელია რამე საფეხურს ისე მიაღწიო, რომ შრომა არ ჩადო. ჩემს სტუდენტებს სულ ამას ვთხოვ. იმუშავონ, ისწავლონ სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა, სირთულეების გადალახვა, ნებისყოფის და ფანტაზიის გაზრდა, ფულის შოვნა და ყველანაირი შანსის გამოყენება. არავინ იბადება კამერით ხელში, მეც ნელ-ნელა გავხდი პროფესიონალი. ნუ მოგერიდებათ შეკითხვების დასმის და ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების.

ნაბიჯი ხომ უნდა გადადგა რომ სიარული ისწავლო.  ხმა უნდა ამოიღო რომ ლაპარაკი ისწავლო. მე თუ მკითხავ, ყველაფერი უნდა გასინჯო, რომ იცოდე, რა მოგწონს. და რაც მთავარია, ფულის შოვნა უნდა ისწავლოთ, ფულის შეგროვება და მისი სწორად დახარჯვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი წარმატება იწყება პირველი ხელფასით. გამოიყენეთ, ბავშვებო, თქვენი რესურსები, გაუფრთხილდით თქვენს დროს. მხოლოდ სწავლა და შრომააა მთავარი, დანარჩენი თავისით მოვა.

ცხოვრება საინტერესო მაშინაა, როცა შენი შრომა ფასდება და როცა შენ მიერ მიღწეული წარმატება თვითონ გამოგზაურებს.

სულაც არ ვგეგმავდი 13 წლის წინ, რომ „საქართველოს ბანკი“ მე ამირჩევდა და წამიყვანდა იტალიაში, რათა გადამეღო სუპერცნობილი ადამიანი, არ დაგიმალავთ, ძალიან ასწორებს, როცა ვხედავ, რომ ჩემს ფოტოს ნახევარი მილიონი ლაიქი აქვს.

მაგრამ დამიჯერეთ, ამაზე დიდი სიამოვნება იყო, როცა პირველად ჩემი შეგროვილი ფულით საოცნებო ფოტოაპარატი ვიყიდე…

ასე რომ ნუ დაგეგმავთ მომავალს, უბრალოდ იშრომეთ იმაზე მეტი, ვიდრე შრომობდით აქამდე და მომავალი თავისით იზრუნებს თქვენზე“, აღნიშნავს სტატუსში ფოტოგრაფი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g