მომღერალი მარიამ ელიეშვილი და მისი რჩეული, აშშ-ში მცხოვრები ბიზნესმენი, გიორგი მჭედლიშვილი ახლახან დაქორწინდნენ. წყვილი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, ქორწილი კი, რომელიც ქართული ტრადიციების სრული დაცვით წარიმართა, ფილადელფიაში შედგა, წყვილს ჯვარი ფილადელფიის ტაძარში მეუფე საბა ინწკირველმა დაწერა…
მარიამ ელიეშვილს გაბედნიერება მიულოცეთ, მან კი ქორწილის დეტალები fortuna.ge-ს მკითხველს გაანდო…
მარიამ, გილოცავთ გაბედნიერებას, ახლა უკვე ოფიციალურად, მოგვიყევით, როგორ დაგეგმეთ თქვენი ქორწილი – რა დეტალებს მიაქციეთ ყურადღება?
დიდი მადლობა ჩვენი ბედნიერების გაზიარებისთვის. მადლობა დაინტერესებისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყურადღებოდ არ დარჩენია ჩვენი ამბავი. უამრავი მოლოცვა, სითბო და სიყვარული მივიღეთ…
გვინდოდა, ქორწილი გამოსულიყო მაქსიმალურად ქართული ტრადიციების შესაბამისი, ქართული ცეკვებითა და სიმღერით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე ძალიან დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობს, არის დიდი პატრიოტი საკუთარი ქვეყნის, სცემს პატივს ქართულ კულტურასა და ტრადიციებს და არასდროს დაუვიწყებია, სამშობლოს მიმართ მისი დიდი სიყვარული ყოველთვის იგრძნობა. ძალიან გვინდოდა და ასეც მოხდა, მეუფე საბა ინწკირველმა დაგვწერა ჯვარი ფილადელფიის ქართულ ტაძარში. ეს ჩვენი წყვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ჩვენი ქორწილი ძალიან გაალამაზა.
თქვენი ქორწილის ორგანიზატორი, როგორც ვიცით, ვახო ბიჭიკაშვილი იყო. როგორ დაუკავშირდით მას?
ვახო ჩვენი ახლო მეგობარია, შესაბამისად, ძალიან გვინდოდა, რომ ეს უნიჭიერესი ადამიანი ყოფილიყო ჩართული ჩვენი ქორწილის ორგანიზებაში. მას მივანდეთ მთლიანად ორგანიზების საკითხები, რაც შესანიშნავად გამოუვიდა. დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის. ჩემი აზრით, მას და მის მსგავს ადამიანებს უნდა ანდოთ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები…
რომელი მომენტი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად თქვენი ამერიკული ქორწილიდან?
ყველა ჩვენი სტუმარი, ახლობელი და მეგობარი აღნიშნავს, რომ ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი იყო. სამწუხაროდ, ყველა ვერ დაესწრო ჩვენს ქორწილს საქართველოდან, მაგრამ გულწრფელად გაიზიარეს ჩვენი დიდი სიხარული. რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს, ჯვრისწერას დავასახელებდი.
გიორგი და შენ, ორივე იყავით ჩართული ქორწილის ამბებში, თუ უფრო მეტად შენ გადაწყვიტე მთავარი დეტალები?
ქორწილის დეტალებში ორივე თანაბრად ვიყავით ჩართულები და ერთად ვწყვეტდით ყველა საკითხს. ალბათ, ამიტომაც გამოვიდა სასიამოვნო და დასამახსოვრებელი სტუმრებისთვისაც და ჩვენთვისაც. უამრავი დადებითი შეფასება მივიღეთ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ გიორგის ძალიან დიდი დამსახურებაა ეს ყველაფერი.
თქვენი კაბა ქართველი დიზაინერის ნახელავია?
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნანა მელქაძეს და მისი ატელიეს ყველა თანამშრომელს. მათ გამილამაზეს ეს დღე. ჩემი კაბა ვანდე პროფესიონალებს. ყველა დეტალი გაითვალისწინეს და ჩემი საქორწილო კაბა განსაკუთრებული იყო, ისეთი, როგორიც წარმომედგინა.
საქართველოში თუ აპირებთ ქორწილის გადახდას?
საქართველოში ქორწილი არ გადაგვიხდია, თუმცა ნიშნობა გვქონდა, სანამ ამერიკაში გადმოვიდოდით საცხოვრებლად. სიმბოლურად დავემშვიდობეთ ჩვენს ახლობლებს, გვქონდა ძალიან ლამაზი საღამო, დაახლოებით ქორწილის მსგავსი, თუმცა მთავარი ღონისძიება ფილადელფიაში გვქონდა დაგეგმილი… სამომავლოდ, როცა ჩამოვალთ, შეიძლება, ვიფიქროთ ამაზე, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი გეგმები ამერიკას უკავშირდება. იმდენად ლამაზი გამოვიდა ჩვენი ქორწილი ამერიკაში, სიმბოლურად ამის გამეორება საქართველოში კარგი იქნებოდა, ამიტომ არაფერია გამორიცხული…
ინტერვიუ: ნინო მურღულია