ნანუკა ჟორჟოლიანის დედა, სამწუხაროდ, სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. როგორც ტელეწამყვანი წერს, 5 თვე ებრძოდნენ დაავადებას, რომელსაც დედა ვერ გაუმკლავდა.
ბებიის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ნანუკას შვილი, მარიამ გეგუჩაძეც.
გთავაზობთ მის პოსტს:
„რამდენადაც უხაროდა, ამერიკაში რომ გადავედი, იმდენად ნერვები ეშლებოდა. პირველად იყო, როცა ასე შორს ვიყავით და მთელ დროს ჩემთან ვერ გაატარებდა. 12-13 წელი ერთად ვცხოვრობდით. ერთად გვეძინა. დედა იყო ჩემი. ბებია არა.
მეგობრობდა ჩემს მეგობრებთან. იცოდა ყველა ჩემი მნიშვნელოვანი ამბავი. პირველი იგებდა ყველაფერს ჩემი ცხოვრების შესახებ. 12 წლამდე მამეცადინებდა, დადიოდა ყველგან, სადაც მე. ცეკვა იქნებოდა ეს, თუ ინგლისურის მასწავლებელი. ამ სამყაროში ყველაზე ძალიან მას ვუყვარდი. არავინ უყვარდა ჩემზე მეტად და ისე, არავის ესმოდა ჩემი.
ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და ყველაზე ტკბილი ადამიანი აღარ მყავს.
ეს სტატუსი იმიტომ დავწერე, რომ პანაშვიდის დროები უნდა დამეწერა. ვერც წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ბებიაჩემზე რამე დავწერო მშრალად. ყველას რომ არ მოვუყვე, როგორი საოცარი იყო.
ხუთშაბათს დავემშვიდობებით ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფას მეგობარს“.