LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ კანდელაკი: „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ჯილდოს მიღება, საქართველოს სახელი რომ ასე გაჟღერდა საერთაშორისო ინდუსტრიის წინაშე… თურმე, მთელი მსოფლიო ხედავს და აფასებს“ – ქართული ანიმაციების საერთაშორისო წარმატება

426
მარიამ კანდელაკი

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მარიამ კანდელაკი სტუმრობდა, რომელმაც „ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე“, ქართველების წარმატებებზე და მიღებულ ჯილდოებზე ისაუბრა.

მარიამ, პარიზის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალის ფარგლებში ჯანალბერტო ბენდაზის სახელობის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდით, რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჯილდო?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ჯილდოს მიღება, არა მარტო პირადად, როგორც პროფესიონალისთვის, არამედ იმის გამოც, საქართველოს სახელი რომ ასე გაჟღერდა საერთაშორისო ინდუსტრიის წინაშე.

ეს ძალიან გულის ამაჩუყებელი იყო. ცერემონია პარიზის უძველეს, 100 წლის კინოთეატრში შედგა.

დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის, როცა ეს ამბავი შემატყობინეს და ძალიან გამიხარდა, რომ ფრანგმა პროფესიონალებმა და ჟიურიში მყოფმა ანიმაციური ფილმების ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებმა ასე დააფასეს ჩვენი შრომა. მეგონა, რომ ამას ვერავინ ხედავდა და აღმოჩნდა, რომ თურმე, მთელი მსოფლიო ხედავს და აფასებს.

დაჯილდოების მერე, მოდიოდა ხალხი და ვსაუბრობდით ქართულ ანიმაციაზე, ზოგადად ანიმაციაში არსებულ პრობლემებზე და ჩემთვის სასიამოვნო იყო ასეთ პროფესიონალებთან შეხვედრა.

მოგვიყევით ფესტივალზე „ანესი“ და ლინა აქულაშვილის და სალომე კალანდარიშვილის წარმატებაზე.

რაც შეეხება ამ ორ ქართველ ახალგაზრდას, ძალიან ნიჭიერები არიან.

ლინა აქულაშვილი თავისი პროექტით – „ბიჭუნა და კარალიოკის ხე“ ვორქშოფის გამარჯვებული გახდა და ჯილდო არის ის, რომ ლინა ივნისის თვეში „ანესის ფესტივალზე“, ანუ ანიმაციური ფილმების ყველაზე დიდ ფესტივალზე, წარდგება საერთაშორისო ინდუსტრიის წინაშე თავისი პროექტით, ექნება პრეზენტაცია, რაც საშუალებას მისცემს მას, რომ დააინტერესოს უცხოელი პროდიუსერები, კომპანიები, დისტრიბუტორები, ფესტივალები.

მეორე პროექტი, რომელმაც ჯილდო მოიპოვა გახლავთ სალომე კალანდარიშვილის – „მე მივეცი სიცოცხლე საკუთარ თავს“. ეს გახლავთ ერთთვიანი რეზიდენცია სამხრეთ საფრანგეთში, რომელთაც აქვთ რეზიდენციები მხატვრული ფილმების შემქმნელი რეჟისორებისთვის და მათ პირველად გახსნეს თავიანთი კარი ანიმაციური ფილმის რეჟისორისთვის. ძალიან საამაყოა, რომ იქ ქართული პროექტი წარდგება.

ზოგადად, ეს ვორქშოფი ძალიან დიდი ტრამპლინი არის ჩვენი ახალგაზრდებისთვის.

როგორია სამომავლო გეგმები, რა სიახლეები გველის უახლოეს მომავალში?

ჩვენ ეს ვორქშოფი 2014 წელს დავიწყეთ და ახლა, მართლა შედეგებს ვიმკით.

ძალიან სასიამოვნოა, რომ ქართულ-ფრანგული ვორქშოფისადმი ინტერესი ყოველწლიურად მატულობს.

10 წლის თავზე, 2024 წელს, ჩვენ გავიხსენით არა მარტო ქართველი ახალგაზრდებისთვის, არამედ შავი ზღვისპირა ქვეყნების წარმომადგენლებისთვისაც.

სამომავლო გეგმა არის ის, რომ წელს, სტამბოლში გვექნება ვორქშოფი. პროექტების მიღებას ზაფხულში გამოვაცხადებთ და ყველას ვურჩევ, რომ მონაწილეობა მიიღონ, რადგან ძალიან კარგი ჯილდოები, რეზიდენციები გვაქვს. წელს, კიდევ ერთი რეზიდენცია დაგვემატა ბუქარესტში.

magti 5g