ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი კარიერულ და პირად ცხოვრებას ერთმანეთს უკვე მრავალი წელია, წარმატებით უთავსებს. არის ორი შვილის დედა, მეუღლესთან, მსახიობ ლევან ხურციასთან ერთად კი მყარი ოჯახი აქვს. fortuna.ge მას სხვადასხვა თემაზე ესაუბრება.

დღეს, როგორც არასდროს, აქტუალურია, როგორ უნდა შეათავსოს ქალმა საქმიანი ცხოვრება და პირადი ერთმანეთს? თქვენს შემთხვევაში რა რეცეპტი გაქვთ ამისთვის?
რომ არ მოგატყუოთ, არ არსებობს არც წარმატებული კარიერა, არც ბედნიერი ოჯახი დათმობის, მოთმინების და ბევრი ნაკლოვანებების გარეშე. ეს ცხოვრებაა და ის ძალიან რთულია. კარიერა ბევრ მსხვერპლს მოითხოვს. ოჯახიც. ამ ეტაპზე ჩემი კარიერა სტაბილურად, მშვიდად ვითარდება და არ ვახდენ არაფრის აფიშირებას. ბევრი შრომაა საჭირო მუდმივად, რომ არ ჩამორჩე, შესაბამისად, მარტივად რომ ვთქვათ, არ წაგიღოს წყალმა (იღიმის).
მარიამ, სახლის საქმეებს თუ ასწრებთ, თუ დამხმარე ქალი გყავთ ამისთვის?
ოჯახში დამხმარე ქალი მუდმივად მყავს, თუმცა კულინარიის გარეშე ვერ ვარსებობ, ჩემი ნერვების თერაპიაა, სახლში საქმე არ დაილევა, ეს ყველა დიასახლისმა იცის, შესაბამისად, საკეთებელი ბევრია…

საქმიანი ქალისთვის მნიშვნელოვანია იმიჯი – თავად არჩევთ სამოსს შეხვედრებისთვის თუ გყავთ ვინმე, ვინც თქვენს გამორჩეულ იმიჯზე ზრუნავთ?
გეთანხმებით, იმიჯი ძალიან მნიშვნელოვანია. შენი ჩაცმულობითა და იერსახით ერთგვარად საუბრობ და გამოხატავ პატივისცემა-უპატივცემულობას იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც გიწევს ურთიერთობა. მეც იმ კატეგორიათა რიცხვს მივეკუთვნები, ცალკე ოთახი რომ მაქვს გაუქმებული გარდერობის გამო, აურაცხელი ტანსაცმელი რომ მაქვს და ყოველი გასვლის წინ არ ვიცი, რა ჩავიცვა, მუდმივი პანიკა და გაურკვევლობაა ხშირად (იღიმის). ჩემ ჩაცმულობაზე ხშირად ზრუნავს ჩემი მეგობარი დალი ჩიტალაძე, მან ზუსტად იცის, როდის რა უნდა მეცვას და ეს უდიდესი კომფორტია…
თქვენს შვილებზე მინდა გკითხოთ – მარიამი, როგორც დედა… როგორ ატარებთ დროს მათთან ერთად და რა მთავარი პრინციპები გაქვთ მათი აღზრდისთვის?
ორი შვილი მყავს, უფროსი ვაჟი 20 წლისაა, ხოლო უმცროსი – 8 წლის. უფროსთან მოკრძალებით ვსაუბრობ, ვერ ვჩხუბობ, ამის საშუალება აღარ მეძლევა (იცინის), მართლა საუკეთესო მეგობრები ვართ. ლევანი უფრო მკაცრია შვილებთან, სულ იმაზეა ოჯახში კამათი, რომ მე სრულ თავისუფლებას და კომფორტს ვუქმნი დაუმსახურებლად შვილებს.
ბავშვები არ უნდა გაიზარდონ შრომის გარეშე, შრომას უნდა მიეჩვიონ. ვცდილობ, რაიონში წავიყვანო და მიწის სამუშაოები დავავალო ორივეს. უარყოფითი ის მაქვს, რომ ბევრ დროს ვერ ვატარებ შვილებთან. შედარებით ბოლო წელია ჩემი დეფიციტი შევძელი შემევსო, ცხოვრების წესი და განრიგიც შევცვალე ამის გამო, მაგრამ მაინც მუდმივად მეძებენ და მუდმივად მთხოვენ ურთიერთობას და ამ დეფიციტის შევსებას. წარსულმა კარიერამ მომწყვიტა შვილებს და ოჯახს, რის გამოსწორებასაც ნამდვილად ვცდილობ. ორივე შვილი განსხვავებულია ხასიათით, როგორც ყველა ბავშვი…

თქვენი მეუღლე, ლევან ხურცია პოპულარული მსახიობია, როგორც თეატრალურ სცენაზე, ასევე ტელესერიალების კუთხით. თუ უყურებთ მისი მონაწილეობით „სიყვარულს მიღმას“ და რჩევას და აზრს თუ გეკითხებათ ხოლმე?
კი, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვუყურებ და ვაფასებ. ლევანი იმდენად პედანტი და ბეჯითია, ზედმიწევნით აქვს დასწავლილი, რასაც აკეთებს, შენიშვნების საშუალება არ მეძლევა. ზოგადად, არ უყვარს თავის საქმეში ჩარევა, ქება, რა თქმა უნდა და კომპლიმენტები ძალიან უყვარს (იცინის). მომდევნო სერიალის შინაარსს არ მეუბნება და ვბრაზდები ხოლმე, არ ვიცი, როგორ დაასრულებენ რეჟისორებიო. კარგი შემადგენლობაა ცალსახად და სერიალში მის სასიყვარულო ისტორიებსაც მე და ჩემი შვილები მხიარულად შევცქერით.
როცა ორივეს, ცოლსაც და ქმარსაც თავისი ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, ეს როგორ აისახება მათ ურთიერთობაზე? თუ არის ის რომანტიკული ჩანართები, რაც ალბათ, ყველა წყვილისთვის მნიშვნელოვანია, თქვენს ცხოვრებაში?
ზედმეტი გადატვირთვა, ნაკლები დრო ერთმანეთისთვის, გონების და სხეულის ფიზიკურად მუდმივი სიშორე – აუცილებლად უარყოფით შედეგებს მოიტანს. ცივდება ურთიერთობები, ვფიქრობ, ევროპელებს და არა მხოლოდ, ტყუილად არ აქვთ წესი და კულტურა – მოგზაურობა. ბევრი წყვილი მხოლოდ ამ გზით ინარჩუნებს ურთიერთობას. აუცილებელია. დღემდე ვერ ვახერხებ, რეცეპტია. ეს უნდა გააკეთო! ბევრი საქმიდან გამომდინარე, ფიზიკურად დაღლილი მოვდივართ, ზოგჯერ ისე ვიძინებთ, ერთმანეთს ვერ ვეკონტაქტებით. ასეთი ცხოვრების რიტმია, ბევრი სტრესია. ძლიერი და ჭკვიანი მაშინ ხარ, როდესაც ამ ყველაფრის მიუხედავად, მთავარს არ დაკარგავ და გაუფრთხილდები.
თქვენ და ლევანს უკვე ძალიან დიდი ხანია ოჯახი გაქვთ. რა არის თქვენი ურთიერთობის მთავარი საიდუმლო, რაზეც დგას თქვენი ოჯახის სიმყარე?
ჩვენი ოჯახის მთავარი საიდუმლო – მოთმინება, შეცდომების მიყურადება, გაგება, თავისუფალი სივრცის არ დარღვევა, პოზიტივის შენარჩუნება მიუხედავად პრობლემებისა და საერთო ინტერესების ერთგულება.
ინტერვიუ: ნინო მურღულია