21-დან 38 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც ერთ შვილს ზრდის – ეს სუროგატი დედის მიმართ შესაძლოა ერთ-ერთი მოთხოვნა იყოს იმ შემთხვევაში, თუ მომავალი წლიდან ახალი კანონპროექტი ამოქმედდება. შეზღუდვები სავარაუდოდ პოტენციური მიმღები მშობლის ასაკსაც შეეხება – ქალი მაქსიმუმ 41 წლის უნდა იყოს, მამაკაცი კი 46-ის.
მარიამ კუკუნაშვილი (კლინიკა “ნიუ ლაიფის” დამფუძნებელი): წულუკიანმა დააწესა ახალი რეგულაციები, რაზეც დიდი აჟიოტაჟია გამოწვეული. ზოგადად მხარეებს შორის ყველა ქვეყანაში ანონიმურობა დაცულია, ითხოვს რომ ყველა მხარე, დონორი, სუროგატი, ყველა ერთ ხელშეკრულებაში იყოს, მიუხედავად იმისა რომ ამის შესახებ კანონში არაფერი წერია. სამედიცინო კუთხით ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ ჯერ ერთი კვერცხუჯრედები და დონორის მატერიალები ბაკებიდან მოაქვთ და იქ ანონიმურია და შესაბამისად ვერ ექნებათ ნოტარიული ხელშეკრულება, მერე არის რომ ერთი ბავშვი ეყოლათ და ვთქვათ 5 წლის შემდეგ ან 7 წლის შემდეგ მეორე ბავშვს აპირებენ, თუნდაც ისეთი დონორის შემთხვევაში რომელიც ანონიმური არ არის, 7 წლის შემდეგ სად უნდა ეძებონ ან რომელ ქვეყანაში ის დონორი, ამის გამო სასამართლოში უშვებს ყველა შემთხვევას. მთავარი პრობლემები ამ კანონის ამოქმედების შედეგად არის ასაკი, იმიტომ რომ როგორ შეიძლება 40 წლის ზევით ქალს შვილის ყოლა აუკრძალო, ეს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, განვითარებულ ქვეყნებში 46 წელია და ზოგან 48. მეორე ადამიანის კონფიდენციალურობის უფლება, ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა, ამის შესახებ ჩვენ და სხვა კლინიკები სასამართლოში ვაპირებთ ჩივილს.
მარიამ კუკუნაშვილის განცხადებით აკრძალვები უცხოეთის მოქალაქეებზეც გავრცელდება, რასაც სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს. მისი თქმით კლინიკების დიდი რაოდენობა, რომელიც საქართველოში გაიხსნა მუშაობას ვეღარ შეძლებენ, რადგან საქართველოს ბაზრისთვის 8 და 10 კლინიკა ძალიან ბევრია. ასევე გაიზრდება კლინიკაში დასაქმებულთა უმუშევრობაც. თავად სუროგატი დედების ანაზღაურება კი 15 ათასი დოლარია.
მარიამ კუკუნაშვილი (კლინიკა “ნიუ ლაიფის” დამფუძნებელი): შემდეგი საკითხია ის, რომ ემბრიონების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს, სამ ემბრიონზე მეტის გადატანა არ უნდა მოხდეს, დანარჩენი უნდა განადგურდეს იმის გამო რომ საპატრიარქოს მდივანი შორენა რასაც წერს იმას იმეორებს წულუკიანი ოროსანი ბავშვივით. ეს ბიზნესი ფაქტიურად აღარ იარსებებს, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი იხდის 6000 ლარს ხელოვნურ განაყოფიერებაში, როდესაც იმას ორ ემბრიონს გადაუტან, 30%-ია ხო შანსი იმის ორსულობის მიღების, დანარჩენ ემბრიონებს რომ უყრი შენ, შემდეგ ცდაზე ისევ 6000 ათასი უნდა გადაიხადოს, არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არც მსმენია. ამ ეტაპზე ხდება 10,15 ხან 20 ემბრიონის მიღება და ხან ყინავენ. ზოგი ადამიანი იყენებს ამ ემბრიონებს შემდეგ ცდაზე და 6000 ლარს კი აღარ იხდის, იხდის 800 ლარს.
ჯორდანიის კლინიკის დირექტორი აცხადებს რომ კანონპროექტთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, ამიტომ კატეგორიული ვერ იქნება, თუმცა მიიჩნევს რომ კანონს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მისი აზრით მთავარია ამ კანონის უარყოფითობამ არ გადააჭარბოს დადებით მხარეებს. ამბობს რომ აკრძალვები რიგი საკითხების დარეგულირებისთვის კარგია, თუმცა აღიარებს რომ თუ აიკრძალება უცხოელი პაციენტების მიღება ეს სფერო ვერ განვითარდება.
სოსო ამბოკაძე (ი.ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი) არიან ადამიანები რომლებიც 42 წლისა აჩენს ბავშვს, ეგრე მაშინ თუ შევხედავთ რომ ბავშვს ვერ გაზრდის ბოლომდე ვინ არის იმით დაზღვეული რომ ხვალ ზეგ რაღაცა არ მოუვა, 25 წლის მკვდარი არ გვინახავს?მე ბევრი მინახავს ახალგაზრდა გარდაცვლილი ის მერე გაუზრდია ბებიას და ბაბუას და უყურებენ როგორც თავის შვილს. ან არის ქალი რომელიც ვერ გათხოვდა და უნდა მოკვდეს უშვილოდ?რატომ?ხომ შეიძლება არ გაიკეთოს ხელოვნური განაყოფიერება და ისე დაფეხმძიმდეს?ის მორალურია და ეს არამორალური?
სუროგაციის შესახებ კანონპროექტზე იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროები მუშაობენ. კანონი როგორც ხელოვნურ განაყოფიერებას, ასევე სუროგაციას ეხება. ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკების ვარაუდს ბიზნესის გაკოტრებასთან დაკავშირებით არ ეთანხმებიან.
მარინა დარახველიძე (ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი): მე ვფიქრობ რომ ეს არის გადაჭარბებული შეფასება მათი მხრიდან, მათ ძალიან კარგად იციან როგორი ჩანაწერი იყო იქ გამიზნული, თუმცა სანამ საბოლოო პროდუქტს არ მივიღებთ, წინასწარ ამ თემაზე საუბარი არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. რაც შეეხება ბიზნეს ინტერესებს, არანაირი მოტივაცია ჯანდაცვის სამინისტროს არ გააჩნია რომ საქართველოში ბიზნესის განვითარებას შეუშალოს ხელი. უპირველესი ინტერესი საზოგადოებისთვის არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეზე ზრუნვა.
ორივე უწყება განხილვების დასრულებამდე დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.
