LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი: „გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან განვიხილეთ ახალი ინიციატივები, რომლებიც განსაკუთრებით გააძლიერებს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას“

309
მარიამ ქვრივიშვილი

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო პირველი გაცნობითი შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელთან. მასთან ერთად დავსახეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ახალი ინიციატივები, რომლებიც განსაკუთრებით გააძლიერებს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიას“, – ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა დუბაიში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნოვაისთან გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში განათლებისა და ინვესტიციების მიმართულებების გაძლიერებას საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფი ზრდისთვის.

„განსაკუთრებით გამოვყოფ განათლების ახალ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ტურიზმი, როგორც პროფესია, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენ ქვეყანაში. ასევე ხაზგასასმელია ჩვენი ახალი ინიციატივები ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოსაზიდად უშუალოდ სტუმარმასპინძლობის სექტორში, რომ განვავითაროთ ახალი ტურისტული პროდუქტები“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ  ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე არსებულ და პოტენციურ ინვესტორებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

magti 5g