„ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში მოექცა“, – ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა Singapore Changi Airport-ის მმართველ გუნდთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ისინი დაინტერესებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა პარტნიორი კომპანიის შერჩევისთვის გამოაცხადებს.
„ჩანგის აეროპორტი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი მომსახურების ხარისხისა და ოპერირების თვალსაზრისით. ჩანგის აეროპორტის მმართველმა გუნდმა, ფაქტობრივად დაგვიდასტურა დიდი ინტერესი, მიიღოს მონაწილეობა იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს პარტნიორი კომპანიის შერჩევისას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გამორჩეულად საინტერესო ქვეყანაა ინვესტიციების მიმართულებით და თვალსაჩინოა ის ზრდა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის არაერთ სექტორში აქვს.
