რამდენიმე დღის წინ საზოგადოების ყურადღება საქართველოში გამართულმა ქართულ-იტალიურმა ქორწილმა მიიპყრო – ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის ვაჟმა, კარლო პონტიმ და მისმა რჩეულმა მარიამ შარმანაშვილმა 26 ივლისს იქორწინეს და გრანდიოზულ საქორწინო წვეულებაზე უამრავ სტუმარს უმასპინძლეს.
ქართული ტრადიციული ელემენტებით გაფორმებული ქორწილი არაერთ ემოციურ ეპიზოდს მოიცავდა, წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, შემდეგ იყო საქორწინო ფიცი და წყვილის მიერ შესრულებული „დაისი“.
აღნიშნული დღის შესახებ მარიამ შარმანაშვილი ჟურნალ „სარკის“ 30 ივლისის ნომერში საუბრობს და მკითხველს საკუთარ ემოციებს უზიარებს.
„ვფიქრობ, ჯვრისწერა როგორც ჩემთვის, ასევე კარლოსთვისაც ძალიან ემოციური იყო. ჩვენი ოჯახის ყველა წევრი და მეგობარი ჩვენ გარშემო იყვნენ. ეს განსაკუთრებულ ეფექტს სძენდა ჩვენს ბედნიერ წუთებს.
ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენი სიყვარული მარტო ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა და ეს იყო ღმერთის გადაწყვეტილებაც, რომ ერთმანეთს შევხვედროდით. ამიტომ ჯვრისწერის რიტუალი ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი იყო…
კარლოს ძალიან მოსწონს ჩვენი ნაციონალური სამოსი და ზოგადად ქართული კულტურა. უყვარს ქართული სიმღერა, ახლა უკვე ქართულ ცეკვაც. მისთვის ძალიან ორგანული აღმოჩნდა ეს ჩაცმულობა, რადგან პირველივე ჯერზე, როდესაც ჩოხა მოირგო, აღფრთოვანებული დარჩა თავადაც და გარშემომყოფებიც“, – აღნიშნავს მარიამ შარმანაშვილი ინტერვიუში, რომელსაც ვრცლად იხილავთ ჟურნალ „სარკის“ 30 ივლისის ნომერში.