მარიამობის დღესთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში იხსენებს, თუ როგორ აღნიშნავდნენ მის ბავშვობაში ამ დღესასწაულს.
„მარიამობას სრულდებოდა ჩემთვის ზაფხული.
ჩამომაკითხავდნენ საქარიქედში, სადაც ორი თვით ადრე მტოვებდნენ ბებიებთან, მარიამთან და ნანასთან. დიდი სანათესაო შეიკრიბებოდა ამ დღეს, აუცილებლად უნდა ჩამოსულიყვნენ ჩემი თბილისელი ნათესავები და ასეთები უმრავლესობაში იყვნენ.
ყველას უნდა ჩამოეტანა გემრიელი შოკოლადები, ნამცხვრები, ლიმონათები.
დიდი მარიამის დღეს, (რომელიც 94 წლის გარდაიცვალა და წინა დღით, მისი გამომცხვარი თხელი ხაჭაპური, ბევრი ყველით იდო საუზმეზე) იკრიბებოდა მისი 4 გოგო, შვილებით, შვილიშვილებით. მუხის ქვემოთ იშლებოდა სუფრა და თითქმის დილამდე ეფერებოდნენ ოჯახის მთავარ დიასახლისს.
ყველა ზეიმობდა და ჩემთვის ამ დღეს სრულდებოდა ზაფხული. მეორე დღეს, ჩამსვამდნენ მანქანაში და წამიყვანდნენ წყალტუბოში და ზუსტად ერთი წელი ვკარგავდი თავისუფლებას, რომელიც მხოლოდ საქარიქედში მქონდა.
სოფლიდან სოფელში, მარტო სიარულის და გვიანობამდე წოწიალის უფლებას, მხოლოდ იქ მაძლევდნენ.
დიდ მარიამს გაუმარჯოს და ყველა მოგონებას, რომელიც ბედნიერ ბავშვობას მახსენებს, მათ შორის ბიჭების გამო, გვერდზე სოფლიდან ღვინო რომ მოვიპარე მაგ დღესაც.
მარიამობას გილოცავთ.
მარიამობას ვულოცავ ჩემს მთავარ მარიამს“, – წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.