ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, მარიკო კვალიაშვილის შემოქმედებითი საღამოსთვის მზადება მიმდინარეობს. 22 ნოემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული კონცერტი ორ განყოფილებად გაიმართება და მასში 180-მდე მუსიკოსი, მსახიობი და მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას. პირველ ნაწილში საქართველოსადმი მიძღვნილი სიმღერები გაერთიანდება, ხოლო მეორე ნაწილში, სხვა სიმღერები. კონცერტს თეატრალიზებულს ახეს რეჟისორი ვანო ხუციშვილი მისცემს, ხოლო ღონისძიების მხატვრობა ეკუთვნის ვანო ჭელიძეს. კონცერტს გაუძღვება ტელესახე ნიკოლოზ წულუკიძე.
მარიკო კვალიაშვილი შემოქმედებით საღამოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უძღვნის.
დღეს, 18 ნოემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კომპოზიტორი ჟურნალისტებს შეხვდა.
მარიკო კვალიაშვილი:
22 ნოემბერს, ჩვენს მსმენელს ვთავაზობთ, როგორი ნათქვამიც უნდა გამომივიდეს, გრანდიოზულ საღამოს. ეს არის ჩემი ანგარიში ათი წლის შემდეგ ჩემი მსმენელის წინაშე. სურვილი გამიჩნდა, რომ ძველთან ერთად ახალი სიმღერებიც შემეთავაზებინა მოსული საზოგადოებისთვის, ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაიწერა. მუსიკალურის გარდა, წარმოდგენილი იქნება ქორეოგრაფიული ნომრები,. ჩვენმა საღამოს განსხვავებული სახე მიიღო და გასცდა კონცერტის ფორმას. ეს გახლავთ თეატრალიზებული კონცერტი. მთელი საღამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეძღვნება.
პროგრამა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდება. ვფიქრობ, არ დავღლით მსმენელს, რადგან კონცერტი საინტერესოდ იქნება აგებული. ასეთი რამ ფილარმონიის სცენაზე არ მომხდარა.
დიდი მადლობა ბატონ კახი კალაძესა და ქალბატონ სოფო ხუნწარიას, ფონდის „ქართული გალობა“ ხელმძღვანელს, ნანა გოთუას, მან ყოველგვარი უხერხულობა ამარიდა თავიდან, დიდი მადლობა ბატონ ზურა ჩხაიძეს, კომპოზიტორთა კავშირს. აქ მხოლოდ ფინანსურ დახმარებაზე არ არის საუბარი.ლევან ჩხაიძე და ნატო ფირცხალავა ორ თვეზე მეტია, სულ ჩემ გვერდით არიან.
რამდენადაც ახლოვდება კონცერტის თარიღი, უფრო მეტი ფორიაქი მაქვს. ვეცდებით, ისე ჩავატაროთ ეს საღამო, რომ ყველა კმაყოფილი დარჩება. კონცერტის ტრანსლირება არ იქნება, ამიტომაც ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდეს ფილარმინიაში. ველოდებით მსმენელს გულის ფანცქალით (იღიმის).
ირმა სოხაძე:
დიდი სიამოვნება და პატივია ყველა მუსიკოსისთვის, ისეთი კომპოზიტორის საღამოზე, როგორიც არის მარიკო კვალიაშვილი. მას პატივს სცემენ, როგორც კომპოზიტორს და უყვართ, როგორც პიროვნება. ყველა ისეთი ხალისით ვართ, რომ მგონია, უნიკალური კონცერტი შედგება, ყველაფრისგან განსხვავებული.
სიმღერას, რომელსაც ვასრულებ, აქვს განსაკუთრებული ისტორია. გასულ წელს იყო ნიკკოლოზ ბარათაშვილის იუბილე. დეიდა მარიკომ დამირეკა და მკითხა, ხომ არ ვასრულებდი ბარათაშვილის ლექსზე დაწერილ სიმღერას ან ხომ არ მქონდა სურვილი, თავად დამეწერა კომპოზიცია მის რომელიმე ლექსზე. რეპერტუარში არ მქონდა ასეთი სიმღერა და ვერც თავად გავბედავდი დაწერას. შევთავაზე, რომ მას დაეწერა ჩემს საყვარელ ლექსზე „რად მრისხანებ, ჩემო ბედის ვარსკვლავო“, რაზეც თავიდან უარი მითხრა, მაგრამ 15 წუთში დამირეკა და მითხრა, რომ ახალი რომანსი მზად ჰქონდა. ასე დაიბადა ეს შესანიშნავი სიმღერა, რომელსაც დიდი სიამოვნებით შევასრულებ ამ საღამოს.
ირაკლი დოლიძე:
ვასრულებ სიმღერას „ჰარალე“, რომელიც სულ რაღაც ერთ თვის წინ შეიქმნა. ქალბატონი მარიკოს სიმღერის შესრულებისას ის თავისუფლებას განიჭებს და გაძლევს საშუალებას, რომ თავად იაზროვნო, შენთან ერთად შეიქმნას ახალი სიმღერა. ქალბატონ მარიკოსთან ურთიერთობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. მასთან გატარებული ყოველი წამი ძვირფასია.
რაც შეეხება საღამოს, აქ მონაწილეობა ქართველი შემსრულებლისთვის დიდი ბედნიერება და პასუხისმგებლობაა. ყველა მონაწილე არის ღირსეული შემსრულებელი, რადგან ქალბატონი მარიკოს სიმღერას ისე ვერ იმღერებ.
ლევან ქუთათელაძე, ტრო „ბალადა“:
ქალბატონი მარიკო ქუთათელაძის საღამოზე ვასრულებთ შესანიშნავ სიმღერას, „ჩემი პირიმზე“. ძალიან გვიყვარს ეს სიმღერა, რომელსაც ჩვენი მეგობრები ასრულებდნენ. არც კი წარმოგვედგინა, რომ ქალბატონი მარიკო მის შესრულებას შემოგვთავაზებდა. დიდი მადლობა მას, რომ ამ კონცერტზე გამოსვლის საშუალება გვაქვს. ეს ჩვენთვის დიდი პატივია. რაც შეეხება კონცერტს, ის ძალიან მრავალფეროვანი და სიურპრიზებით სავსე იქნება.
პრესკონფერენცია ირმა სოხაძემ და ირაკლი დოლიძემ მარიკო კვალიაშვილის რეპერტუარიდან სიმღერების შესრულებით დაასრულეს, მათ აკომპანემენტი ლევან ჩხაიძემ გაუწია.
ნინო მურღულია