ცნობილი იტალიელი მუსიკოსი ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. მარიო ბიონდი უკვე საქართველოშია.
დღეს დაგეგმილი შემოქმედებით საღამოსთან დაკავშირებით, მარიო ბიონდიმ იტალიელ მუსიკოსებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
სოულისა და პოპის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი ქართველი ქართველი თაყვანისმცემლების წინაშე, დღეს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში, უახლესი ალბომით „Crooning undercover“ წარდგება.
თბილისში მარიო ბიონდის გასტროლი, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოსა და „თაგის არტის“ თანაპარტნიორობით ხორციელდება.
მარიო ბიონდი პირველად საქართველოში 2014 წელს „შავი ზღვის ჯაზფესტივალზე“ იყო მოწვეული.
დღევანდელი კონცერტი საქართველოს და საერთაშორისო მუსიკალური საზოგადოებისთვის გამორჩეული იქნება ფრიად საინტერესო კუთხით, კერძოდ, მარიო ბიონდი ქართველ საოპერო მომღერალთან, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატთან და პრესტიჟული საოპერო ფესტივალების მოწვეულ სოლისტთან, სოფიო გორდელაძესთან ერთად შეასრულებს ლეგენდარული ამერიკელი ოსკაროსანი კომპოზიტორის ბერტ ბაკარაკის (Burt Bacharach) სიმღერას COME I OGNI ORA (კომე ი ონი ორა).
შემოქმედებითი ორგანიზაცია „თაგის არტი – მსოფლიო კულტურული ინტეგრაცია“, 2001 წელს დაარსდა. მისი თაოსნობით საქართველო გაიცნო არაერთმა დიდებულმა მუსიკოს-შემსრულებელმა დასაერთაშორისო აღიარების საბალეტო დასებმა. მათ შორის აღსანიშნავია სეზარია ევორას, არტურო სანდოვალის, რიშარ გალიანოს, ხოაკინ კორტესის ფლამენკოს დასის, ჰირომი უეჰარას, ფრანგული ელექტრო-ტანგოს ჯგუფ „გოტან პროჯექტის“, პაოლო ფრეზუს ტრიოს, იამანდუ კოსტას, ვინსენტ პეირანის, „სიმფონიური ისტვუდის“, ჰამილტონ დე ჰოლანდას ტრიოს, ეიფმანის სანკ-პეტერბურგის საბალეტო თეატრის და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ხელოვანის გასტროლი. 2016 წელს “თაგის არტის“ აფუძნებს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „თბილისი რიტმს“, რომელიც საზოგადოებაში ნდობას უმალ პოულობს.